“უჩა აბაშიძე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს” – ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 9 მაისს დაკავებული მოქალაქეები მოინახულეს. მათ შორის, პოდკასტერი უჩა აბაშიძე.
უწყების ცნობით, ის საუბრობს სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც.
“დაკავებულმა [უჩა აბაშიძემ], სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სახლის ჩხრეკის პერიოდში იგი სისტემატურად ითხოვდა ადვოკატების შეშვებას, თუმცა უშედეგოდ.
სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად მოხდეს მისი დაცვის უფლების რეალიზება. სახალხო დამცველი შეისწავლის ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტის ეპიზოდსაც”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, აბაშიძის გარდა დაკავებულია კიდევ 7 მოქალაქე. მათი ნაწილი აბაშიძის დაკავების შემდეგ, მისი საცხოვრებელი სახლიდან პარლამენტისკენ მიმავალი მსვლელობის დროს, ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, მათი ნაწილი საუბრობს პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამის შესახებაც ინფორმირებულია.
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.
გუშინ, 9 მაისს, დააკავეს სამხედრო ბლოგერი და ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილე, უჩა აბაშიძე. პოლიცია მის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ისე ატარებდა, რომ აბაშიძესთან ადვოკატი და ოჯახის წევრები არ შეუშვეს. პარალელურად, აბაშიძის სახლთან შეიკრიბნენ მისი მხარდამჭერები და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებული იყო ბევრი პოლიციელი.
დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მათი მტკიცებით, ჩანს აბაშიძის სახლიდან ამოღებული იარაღები. უწყების ინფორმაციით, ის იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს აბაშიძის მხრიდან -ს, იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის ვებ-გვერდების სავარაუდო კიბერშეტევის ფაქტებზეც.
უჩა აბაშიძე “აირსოფტის” ფედერაციის რეზიდენტია. ეს არის სპორტული თამაში, რომელიც სათამაშო იარაღითა და პლასტმასის, ბიოდეგრადირებადი ტყვიებით ჯგუფურ შეჯიბრებას გულისხმობს. ოჯახის ინფორმაციით, ყველა იარაღი, რომელიც აბაშიძის სახლიდან ამოიღეს სათამაშოა, გარდა ორისა, რომელიც მას ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული.

ასევე დაგაინტერესებთ