უჩას კადრების ეფექტია თქვენზე? — წილოსანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

„თქვენი და თქვენი უფროსისგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად ევროპებში და საფრანგეთში გაიქცევა, ჩვენ შევაკლავთ თავს ამ ქვეყანას, როცა რისკის და ომის ქვეშ დადგება“, — მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მსხილაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
„ვისაც თქვენ წარმოადგენთ, იმ ადამიანს რომ გადაწყვეტილი აქვს, სამარცხვინო ასოებით შევიდეს ისტორიაში, ეს გავიგეთ. თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია ქვეყანაში იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს თუ უჩას კადრების ეფექტია თქვენზე განხორციელებული?“ — ჰკითხა წილოსანმა მსხილაძეს.
ბლოგერ უჩა აბაშიძეს ბრალი ედება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვებასა და შენახვაში. დღევანდელ სხდომაზე უჩა აბაშიძე უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა სოზარ სუბარმაც ახსენა ამავე კონტექსტში. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სცადა, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები აბაშიძის ჩანაწერების “შანტაჟთან” დაეკავშირებინა და თქვა, რომ „კითხვები ჩნდება, ხომ არ უკავშირდება აქციებში მონაწილეობის თაობაზე ზოგიერთი აქტიური ადამიანის მოტივაცია უჩა აბაშიძეს და მასთან დაკავშირებულ შანტაჟს“.
განსხვავებით წინა გამომსვლელ ანა წითლიძისგან, რომელიც -ის სახელმწიფო მდივნის განცხადება აცნობდა დეპუტატებს, სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა ნინო წილოსანს სიტყვა არ გააწყვეტინა.
„შეგიძლიათ თუ არა, მომიყვანოთ კონკრეტული საჯარო წყარო, სადაც ჩვენ და ქართველი ხალხი ნახავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებას, თავისი თანხებით და მიზნობრიობით, დონორებით და განხორციელებული პროექტებით. ითვალისწინებს თუ არა კანონი რამე სახის სასჯელს გარდა ფინანსური სახდელისა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია არ წარადგენს ინფორმაციას წელიწადში ერთხელ. პასუხებს ველოდები სამართლებრივს და არა პოლიტიკურს. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ არ ბრძანდებით პოლიტიკური თანამდებობის პირი. მინდა, იცოდეთ თქვენი დანიშნულება და არ გაკადნიერდეთ, რომ აქ პოლიტიკური შეფასებები მოგვახსენოთ და ანა წითლიძისგან განსხვავებით, რომელიც საკუთარი ხალხის სათქმელის ნაცვლად უცხოელებს ახმოვანებს, ისე არიან დეგრადირებული და სასაცილოდ გამხდარი, რომ უმრავლესობის სახელით გვესაუბრება უმცირესობის წარმომადგენელი“, — განაცხადა წილოსანმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ თქვა, რომ ეს არის „ყველაზე მძიმე” კანონი, რომელზეც მოტივირებული შენიშვნების წარმოდგენა უწევს. მან თქვა, რომ კანონი რუსული მეთოდებით იყო მიღებული, რამაც „ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია. ანრი ოხანაშვილმა მსხილაძე უთხრა, რომ მას მოუწევს, თქვენს თითოეულ სიტყვაზე პასუხი გასცეს მისი არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე.
„ჩვენი საზოგადოება ნახავს თქვენთვის დაწერილი ტექსტი თქვენი დაწერილია თუ სხვისი. ჩვენი საზოგადოება უფლებამოსილია, იცოდეს, ე.წ. პრეზიდენტის სახელით ვინ ლაპარაკობს და რამდენად კორექტულად. ვფრთხილობ შეფასებებში, მაგრამ თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომელიც არ არის საპატიებელი და ამაზე საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეთ. ვერ გახვალთ დარბაზიდან ისე, რომ ამ შეკითხვებზე პასუხები ჩვენმა საზოგადოებამ არ მოისმინოს“, — თქვა ოხანაშვილმა.
დარბაზიდან რეპლიკების საპასუხოდ ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მხოლოდ „ვეტოს ფარგლებში, სამართლებრივად საუბრობს და სხვა საკითხი არც დაუშვია“.

ასევე დაგაინტერესებთ