ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამოქალაქო თუ რელიგიური დღესასწაულები კანონებით რეგულირდება და უქმეებადაა გამოცხადებული. ამ დღეებში სახელმწიფო დაწესებულებები და კერძო სექტორის დიდი ნაწილი არ მუშაობს, მათ შორის – ბანკებიც.
საქართველოს შრომის კოდექსი 18 უქმე დღეს ითვალისწინებს, რაც ევროპაში ყველაზე მეტია. (დიდი შაბათისა და აღდგომის ჩათვლით). საქართველო უქმე დღეების ოდენობით ევროპაში ისედაც ლიდერი იყო თუმცა, გასულ 2024 წელს, კიდევ ერთი უქმე დღე, 17 მაისი გამოცხადდა, როცა მართლმადიდებელი მრევლი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. შედეგად, საქართველო კოლუმბიას დაეწია, რომელიც მსოფლიოში უქმე დღეების ოდენიბით პირველ ადგილზე იყო.
2025 წელს 18 უქმე დღიდან 3 უქმე დღე კვირას ემთხვევა, 3 კი – შაბათს.
გარდა ოფიციალური უქმე დღეებისა, საქართველოში მთავრობის მეთაურს აქვს შესაძლებლობა პირადი გადაწყვეტილებით დადგენილების საფუძველზე კონკრეტული დღეები უქმედ გამოაცხადოს. მსგავსი გადაწყვეტილების საფუძველზე შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებს [1, 2, 7 და 19 იანვარი] კიდევ ხუთი დღე დაემატა და საჯარო სამსახურები 1-დან 12 იანვრის ჩათვლით ისვენებდნენ.
საქართველოში 2025 წლის ოფიციალური უქმე დღეების ჩამონათვალი ასეთია:
იანვარი:
· 1 – ახალი წლის სადღესასწაულო დღე;
· 2 – ახალი წლის სადღესასწაულო დღე;
· 7 – ქრისტეს შობა;
· 19 – ნათლისღება, იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
მარტი:
· 3 – დედის დღე;
· 8 – ქალთა საერთაშორისო დღე;
აპრილი:
· 9 – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
· 18 – დიდი პარასკევი;
· 19 – დიდი შაბათი;
· 20 – აღდგომა;
· 21 – მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე;
მაისი:
· 9 – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
· 12 – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
· 17 – ოჯახის სიწმინდის დღე;
· 26 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
აგვისტო:
28 – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
ოქტომბერი:
14 – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
ნოემბერი:
23 – გიორგობის დღე.
ცნობისთვის,ევროპაში საშუალოდ წელიწადში 11 უქმე დღე აქვთ, ყველაზე მეტი 15 უქმე დღე აქვს სლოვაკეთს, ხოლო ყველაზე ცოტა – 7 დღე ნიდერლანდების სამეფოს. მსოფლიოში ამ კუთხით ლიდერი კოლუმბიაა 18 უქმე დღით. გამოდის, რომ გასულ წელს დამატებული 1 უქმე დღის შედეგად, საქართველო თანალიდერია.