ქუთაისში 350 მლნ ლარად აშენებული პარლამენტის ულტრათანამედროვე შენობის გამჭვირვალე ფასადი, საჯაროობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო, თუმცა მისი აშენებიდან 13 წლის შემდეგ, შენობა პრაქტიკულად უკაცრიელი და უფუნქციოა.
ორი თვის წინ ქუთაისის ყოფილმა მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ „ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილია“ და უახლოეს მომავალში საჯარო გახდება კონცეფცია, თუ როგორი იქნება შენობაში განთავსებული ციფრული განვითარების ცენტრი. განცხადებიდან, რამდენიმე დღეში ქუთაისის მერი გადადგა და ციფრული ჰაბის შექმნის საკითხიც აღარ გაჟღერებულა.
წინა ხელისუფლების დროს გადატანილი პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში 2019 წელს (ცვლილება კონსტიტუციაში, 2018 წლის 16 დეკემბრის შევიდა) დაბრუნდა. მაშინ ყოფილმა პრემიერმა გადატანის მიზეზი შემდეგნაირად ახსნა: „350 მლნ. ლარი გადაიხადეს აბსოლუტურად უსარგებლო შენობაში, როდესაც თბილისში ისტორიულად იდგა, დგას და იქნება საქართველოს პარლამენტის შენობა და უამრავი სხვა რამ“.
მას შემდეგ არაერთი იდეა გაჩნდა თუ რა უნდა განთავსებულიყო უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში, თუმცა იდეის გარდა რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.
რა იგეგმებოდა ქუთაისის პარლამენტის შენობაში
თავდაპირველად ხელისუფლების წარმომადგენლები იქ ტექნოპარკის განთავსებას გეგმავდნენ და იმასაც ამბობდნენ, რომ ამ პროექტით ებრაელი ინვესტორები დაინტერესდნენ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობდა, რომ იქ განიხილავდა საპოლიციო ჰაბის შექმნას, იყო საუბარი იმაზეც, რომ ადგილზე განათლების და ლოგისტიკის ცენტრი მოეწყობოდა.
შენობისთვის ფუნქციის მოძებნას პრეზიდენტიც ცდილობდა, სალომე ზურაბიშვილს იქ საკონფერენციო დარბაზის მოწყობა სურდა.
უფუნქციოდ დარჩენილ შენობასთან დაკავშირებით ყველაზე ბოლო განცხადება ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ქუთაისის ყოფილ მერს ეკუთვნის. გასული წლის 6 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების პროექტი მუშავდება და პრეზენტაცია მალე იქნება, მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში კი მსგავსი განცხადება ქუთაისის აწ უკვე ყოფილმა მერმაც გააკეთა.
რა გვიჯდება უფუნქციო შენობის შენახვა
6 წლის განმავლობაში აქტივის შენახვა ბიუჯეტს და შესაბამისად გადასახადის გადამხდელებს მინიმუმ 5 მლნ ლარი გვიჯდება. ქონება ამჟამად სახელმწიფო შპს „აქტივების მართვის და განვითარების კომპანიის“ ბალანსზეა, მათი ინფორმაციით, 2020-2021 წლებში ქონების მოვლა-პატრონის ხარჯი 1.7 მლნ ლარს აჭარბებდა, რაც საშუალოდ წლიურად 850 ათასი ლარია, შესაბამისად 2019 წლის შემდეგ ბიუჯეტს 6 წლის განმავლობაში „უსარგებლო შენობის“ შენახვა მინიმუმ 5 მლნ ლარი დაუჯდა. ამ თანხაში შედის გაზის, ელექტროენერგიის, დაცვის და სხვა ხარჯები.
რაც შეეხება თავად შენობის ფასს, 2021 წელს, განხორციელდა ქონების გადაფასება და „ქუთაისის პარლამენტის შენობა“ 60 მლნ ლარად შეფასდა.
2018 წლის მიწურულს, მას შემდეგ რაც ქუთაისში საპარლამენტო საქმიანობა შეწყდა, შენობა გასაყიდად გამოიტანეს, თუმცა მისი შეძენის მსურველი არ გამოჩენილა. დღეს ის უკვე „აქტივების მართვის და განვითარების კომპანიის“ ბალანსზეა და აღარ იყიდება.