„უფრო მეტად სწრაფ ტემპში უნდა მოხდეს საავტობუსე ზოლების განვითარება“ – ირაკლი იზორია (bm.ge)

მერიის შეფასებით, ამ ეტაპზე ქალაქში 40 კილომეტრი სიგრძის საავტობუსე ზოლია დახაზული. ტრანსპორტის მიმართულებით ექსპერტი ირაკლი იზორია გვიხსნის, რომ სატრანზიტო დერეფნების შექმნა ერთია, თუმცა თუ ქალაქში საავტობუსე ქსელი არ შეიკრა და ავტობუსებმა თბილისში შეფერხების გარეშე გადაადგილება ვერ შეძლეს მოსახლეობა მსუბუქი ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გადაჯდება. მისი თქმით ამ ნაწილში გამოწვევებია, რომელსაც სწრაფი ტემპით მოქმედება სჭირდება.
“ხშირ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს საავტობუსე ზოლში, გადაადგილდება უპრობლემოდ, თუმცა მას, როდესაც ხვდება ბარიერები წინ და გარკვეული კვანძი, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს დაგვიანებებს გაჩერებებზე. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა გაიხსნას ქალაქი ამ კვანძებისგან. უფრო მეტად სწრაფ ტემპში უნდა მოხდეს საავტობუსე ზოლების განვითარება.
როცა სატრანსპორტო პოლიტიკა დაანონსდა წლების უკან, მაშინ მოსახლეობისთვის იყო ახსნილი, რომ ამ პოლიტიკის განხორციელება ხდებოდა ზუსტად მათთვის, რომ კომფორტულად, უსაფრთხოდ და სწრაფად გადაადგილებულიყვნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. გამომდინარე აქედან, მოსახლეობას აქვს ძალიან დიდი მოლოდინი და არ შეიძლება, რომ ეს დროში გაიწელოს, ვინაიდან ჩვენ თუ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ გადასხდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ფეხით სიარული განვავითაროთ, ველოსიპედით გადაადგილდნენ, ამ შემთხვევაში, მათ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა უნდა დავახვედროთ და დროში გაწელვა არ არის რა თქმა უნდა რეკომენდებული.
ხშირ შემთხვევაში, როცა ადამიანი არაკომფორტულად მგზავრობს, ფიქრობს, რომ მან სამსახურში ან ნებისმიერ საქმეზე საკუთარი ავტომობილი გამოიყენოს და არ უნდა მოხდეს წახალისება საკუთარი ავტომობილის გამოყენების, აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ ტემპები უფრო მეტად ჩქარი იქნება, მეტად მოხდება შეკავშირება იმ დერეფნების, რაც რეალურად არსებობს და მეტი დერეფნების დამატება მოხდება,”- ამბობს ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ირაკლი იზორია.
bm.ge