მეოთხე თაობის Skoda Superb-მა გვიჩვენა, თუ რაზე აკეთებს აქცენტს ბრენდი – სტილი, მდგრადობა და მეტი ეფექტურობა. იმის მიუხედავად, რომ ახალ მოდელში იგრძნობა შკოდას დიზაინის ენა, ის მაინც წინა მოდელების უკეთესი ევოლუციის მაგალითია.
მანქანის წინა ნაწილი უფრო გრძელია და გადადის რვაკუთხა ცხაურში, რომელიც ცენტრში ეშვება, რათა Skoda-ს სამკერდე ნიშანი უფრო კარგად გამოჩნდეს. ფარები წინამორბედებთან შედარებით თხელია, აღჭურვილი უახლესი Matrix LED ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს 40 პროცენტით მეტ შუქს.
საქარე მინის კუთხეები ოდნავ დაპატარავდა, ხოლო სახურავის ხაზი უფრო გამარტივდა. ეს ყველაფერი ახალ შკოდას უფრო გლუვს ხდის, რაც მის ეფექტურობაზეც მოქმედებს. აგრეთვე უფრო დათხელდა უკანა ფარები, რომლებიც მაინც ინარჩუნებს C- ფორმის გრაფიკას. მანქანას აქვს ალუმინის დისკები, რომლებიც 17-დან 19 დუიმამდე მერყეობს.
ორივე ვარიანტი, რომლითაც ახალი თაობის Superb-ია წარმოდგენილი, უფრო გრძელი და მაღალია, ვიდრე ადრე, რაც შიდა სივრცეს ზრდის. 20 ლიტრით აიზარდა საბარგულის ადგილიც და ადგილის გაფართოების მიზნით შესაძლებელია სავარძლების გადაკეცვაც.
სალონის დიზაინი ბევრად უფრო რევოლუციურია. მძღოლს აქ ხვდება 10-დუიმიანი ვირტუალური კაბინა, სენსორული ეკრანი და „ჭკვიანი” ციფერბლატი, რომელიც აკონტროლებს გათბობასა და ვენტილაციას.
შკოდამ იმ მომხმარებლის მოლოდინიც გაამართლა, ვინც Apple-სა და Android-ზე გათვლილ ფუნქციებზეც ფიქრობდა. ავტომობილის ციფრული ფუნქციონალი ორივე ტიპის მობილურ ტელეფონებზეა მორგებული. აგრეთვე, საინტერესოა ის, რომ ტელეფონის გადახურებისგან დასაცავად, მანქანაში სპეციალური გაგრილების სისტემა აყენია. როგორც ჩანს, შკოდას ინჟინრებს მწარე გამოცდილება აქვთ ტელეფონის მანქანაში დატენასთან დაკავშირებით.
ახალ Superb-ში ასევე დამონტაჟებულია მძღოლის დამხმარე სისტემა, რომელშიც შედის როგორც უსაფრთხოების ასისტენტი, ისე ჭკვიანი პარკირება და ნავიგაცია.
კიდევ ერთი აღსანიშნავი სარგებელი, რომელსაც ახალი Superb იძლევა, არის მდგრადი მასალებისგან დამზადებული Ergo სავარძლები – 10-პუნქტიანი მასაჟის ფუნქციით.
ახალი თაობის ავტომობილი ძრავის რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს: 1.5-ლიტრიანი ჰიბრიდი, 2.0-ლიტრიანი ბენზინზე მომუშავე მანქანა და 2.0-ლიტრიანი დიზელი. ყველა Superb-ს DSG ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომლის სამართავი ღილაკებიც ცენტრალურ კონსოლზე მდებარეობს.