„უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილება რომ მიეღოთ, უკეთესი იქნებოდა“ – „ასკანელის“ დირექტორი რთველის სუბსიდირებაზე

„ასკანელის“ დირექტორი ისურვებდა, რომ რთველის სუბსიდირების პროგრამაში შესული ცვლილებები უფრო დაბალანსებული ყოფილიყო. ირაკლი უგლავას შეფასებით, კერძო კომპანიების სუბსიდირების პროგრამიდან გათიშვა და ამავე დროს შესასყიდი ყურძნის მინიმალური ფასის გაზრდა მხოლოდ ფერმერებზე გათვლილი გადაწყვეტილებაა, რაც ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის მძიმე გადასატანი იქნება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან განაცხადა.
„ცოტა უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომ მიეღოთ, მაგალითად მხოლოდ სუბსიდია მოეხსნათ და მინიმალური ფასი იგივე დარჩენილიყო, უკეთესი იქნებოდა. აქ ორივე ერთად გაკეთდა – ხარისხიან ყურძენზე ფასი აუწიეს და სუბსიდირება მოიხსნა, რაც ალკოჰოლური კომპანიებისთვის ნედლეულს ძალიან აძვირებს, რასაც ალბათ, მოჰყვება პროდუქციის გაძვირება, რეალიზაციის შემცირება… გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ იქნება არ ვიცი.
წელს მხოლოდ სუბსიდიის მოხსნა უკეთესი იქნებოდა, ორივე ერთად კი ალკოჰოლის მწარმოებლებისთვის მძიმე გადასატანი იქნება. ვნახოთ, მომავალი წელი რას გვიჩვენებს“, – განმარტა ირაკლი უგლავამ.
„ასკანელის“ დირექტორი იმასაც ამბობს, რომ სუბსიდირებიდან გასვლის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან ყურძნის ფასის განსაზღვრა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეწინააღმდეგება და კერძო კომპანიებს ნედლეულს უძვირებს. ირაკლი უგლავას შეფასებით, ეს მხოლოდ ფერმერებზე მორგებული გადაწყვეტილებაა და ის, ისურვებდა კერძო კომპანიების აზრი სახელმწიფოს გადაწყვეტილების მიღებისას მეტად გაეთვალისწინებინა.
„2 თვის წინ მინისტრთან გვქონდა შეხვედრა და გაჟღერდა, რომ ყურძნის ფასი ხარისხის მიხედვით იქნებოდა, მაგრამ მაშინ დაზუსტებული სქემა რა მექანიზმი იმუშავებდა არ ვიცოდით. ახლა განცხადებული ინფორმაციით, პრაქტიკულად არაკონდიციური ყურძნის გარდა ყველა ტიპის ყურძნის ფასი 1.20 ლარი იქნება. ბაზარი თუ მუშაობს, როცა მინიმალური ფასი 1 ლარია, მაშინ სახელმწიფოს თუ სუბსიდიას ხსნის ფასის დადგენაშიც არ უნდა ერეოდეს. არის შემთხვევები, როდესაც მაღალ ხარისხიან ყურძენს 2.20 ლარადაც ვიბარებდით. როცა სახელმწიფო გიწესებს ფასს და ამავე დროს სუბსიდიასაც ხსნის, საბაზრო პრინციპებით თამაში აღარ გამოდის, პრაქტიკულად მხოლოდ ფერმერებზე გათვლილი გადაწყვეტილებაა. ფერმერები კმაყოფილები დარჩებიან, ჩვენ კი საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგებით, გაძვირებული სანედლეულო ბაზით… რეალურად კომპანიის ინტერესები უფრო მეტად, რომ გაეთვალისწინებინათ, უკეთესი იქნებოდა.
ამ შეფასების გამოხატვის საშუალება არ გვქონია, ამ გადაწყვეტილების შესახებ ჩვენც ახლა გავიგეთ. ღვინის ეროვნულ სააგენტოში თავის განწყობებს გამოხატავენ კომპანიები, თუმცა არ ვიცი მიღებულ გადაწყვეტილებაში რა შეიცვლება. ამ ნაწილში მგონია, რომ ჩვენი ინტერესები ილახება“, – განაცხადა ირაკლი უგლავამ.
შეგახსენებთ, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ბიუჯეტი ჯამურად 81 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც უმეტესი ნაწილი სწორედ რთველის სუბსიდიაზე მოდის.
უკვე დამტკიცებული განკარგულებით “ჭარბ ყურძენს” მთავრობა 50 მლნ ლარად შეიძენს.