უფლებადამცველი ელისო რუხაძე ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი კავლელაშვილის ნაწილობრივ გამართლებას უკანონოს უწოდებს

უფლებადამცველი ელისო რუხაძე უკანონოს და დაუსაბუთებელს უწოდებს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი კავლელაშვილი ნაწილობრივ გაამართლა და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც უფლებადამცველმა ელისო რუხაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო ს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საქმე, რომელშიც საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა, რომ გიორგი კავლელაშვილმა მეუღლე, ქეთევან ედიბერიძე გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით მოკლა. შესაბამისად, მისი თქმით, უვადო პატიმრობას ითხოვდნენ. უფლებადამცველის თქმით, გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს 19 ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. მისი თქმით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რითაც დგინდება,რომ ცოლის მკვლელობაში მსჯავრდადებული გიორგი კავლელაშვილი აბსოლუტურად შერაცხადია.
გარდა ამისა, უფლებადამცველის განმარტებით, კავლელაშვილს ქეთევან ედიბერაძემდეც ჰყავდა მეუღლე, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ კავლელაშვილი მოძალადე იყო.
„მიმაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. გენდერული შეუწყნარებლობის ნიშანზე იმაზე მეტი მტკიცებულება იყო, ვიდრე შეიძლება არსებობდეს გარდაცვლილი ქალის საქმეში. მართლა გამიჩნდა უსამართლობის განცდა, რატომ მიუსაჯა გიორგი კავლელაშვილს 20 წელი, როდესაც არგუმენტებად დაასახელა, თითქოს აღიარებდა (ბრალდებული ბრალს) და მტკიცებულებები უდავოდ გახადა.
მსჯავრდადებულმა თქვა,რომ ეს საღ გონებაში მყოფს არ ჩაუდენია. თუმცა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ის შერაცხადი იყო და გაცნობიერებულად მიაყენა 19 ჭრილობა, მათ შორის 12 სანტიმეტრიანი ჭრილობა“, – განაცხადა ელისო რუხაძემ.
მისი განმარტებით, ბრალდებულის მამა ყოფილი პოლიციელია, რომელიც მისი შვილის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე საქმის ჩაფარცხვას ცდილობდა. ელისო რუხაძის თქმით, ის ცდილობდა მოეპოვებინა ისეთი მტკიცებულებები, რითაც მისი შვილი შეურაცხადად გამოცხადდებოდა. უფლებადამცველის თქმით, ბრალდებულის მამაც მოძალადეა.
შეგახსენებთ, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ვარკეთილში, მიმდინარე წლის იანვარში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა, ცოლის მკვლელობაში მსჯავრდადებული გიორგი კავლელაშვილი საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”