“უსუსურ მდგომარეობაშიც აღმოვჩენილვარ, მაგრამ დღეს ჩემი თავით ძალიან კმაყოფილი ვარ.” – ნინო ბაშარულის უცნობი მხარეები – Marao

“მასთან ურთიერთობისას ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ. პირველივე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს. ამ ადამიანთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია, არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. ცოტა მეგობარი ჰყავს”, – ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი მომღერალ ნინო ბაშარულის ს ნიშანია.
– ნინო, სანამ შენი ნიშნის დახასიათებაზე გადავალ, გკითხავ, როგორ მიდის რეაბილიტაციის პროცესი? ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ ფილტვზე ოპერაცია გაიკეთე.
– რეაბილიტაციის რთული ნაწილი გავლილი მაქვს, ახლა ეს პროცესი მსუბუქად მიდის. ფილტვის ნახევარი ამოიკვეთა, ის სიცარიელე უნდა შეივსოს, ამას პატარა დისკომფორტები აქვს. როგორც მითხრეს, ნახევარ წელში რეაბილიტაცია ბოლომდე დასრულდება და ახალი ენერგიით კონცერტებსაც გავმართავ.
– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდი, რომ სიმღერამ გადაგარჩინა.
– დიახ, ახლაც ყოველდღე ვმღერი, ჩემი ფილტვისთვის ეს მნიშვნელოვანია. სიმღერა ავსებს ყოველგვარ სიცარიელეს ჩემს ცხოვრებაში.
– ჯანმრთელობას გისურვებ! ახლა კი მთავარ თემაზე გადავიდეთ, ასტროლოგიით რამდენად ინტერესდები?
– ამ სფეროსადმი სერიოზული დამოკიდებულება მაქვს, ოღონდ ასტროლოგიას და ჰოროსკოპს ერთმანეთისგან ვმიჯნავ. ცაზე ვარსკვლავების და სხვა მნათობების განლაგებას უძველესი დროიდან ექცეოდა ყურადღება, მომავალშიც ასე იქნება. რაც შეეხება ყოველდღიურ ჰოროსკოპს და ნიშნების ერთმანეთთან შეთავსებას, ამაზე ცოტათი მეღიმება ხოლმე. არ შეიძლება თქვა, ერთმანეთს გაუგებენ თუ არა კურო და ქალწული. ახლა მოდაშია, რომელმა ზოდიაქომ რომელი ქვა უნდა ატაროს, ამაზეც მეღიმება.
– “მერწყულთან ურთიერთობისას ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ. საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს”.
– ასეა, ბავშვობიდან მოყოლებული სულ უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძვი. კლასში ვინმეს თუ ჩაგრავდნენ, აუცილებლად დაჩაგრულის მხარეს ვიდექი, შემეძლო, ამ ამბის გამო მთელი კლასს წინ აღვდგომოდი. დღეს და მომავალშიც ყოველთვის ჯანსაღი აზრის დასაცავად ვიბრძოლებ. დღეს ეს “ბრძოლა” ხშირად სოციალურ ქსელშიც ხდება, შეიძლება თანადგომა გამოუცხადო ადამიანს, მისი მხარდამჭერი გახდე. ასე ძალიან ბევრჯერ ყოფილა. არ მინდა, ეს პიროვნებები დავასახელო, მაგრამ მათი ავტორიტეტისთვის ბოლომდე ვიბრძოლე.
– საკუთარ აზრს მაშინაც დაუფარავად გამოხატავ, როდესაც იცი, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შეიძლება არაპოპულარული იყოს?
– რა თქმა უნდა, ასე არაერთხელ მომხდარა.
– საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რას იტყვი?
– ალბათ მკითხველს გაეცინება, მაგრამ ვიტყვი “წინასწარმეტყველს”.
– ასტროლოგები თვლიან, რომ ეს სიტყვაა “ცნობისმოყვარე”.
– შეიძლება ესეც ითქვას.
– საინტერესოა, წინასწარმეტყველური განცდები, ხედვები ხშირად გაქვს?
– ხშირად მაქვს მოვლენების, ადამიანების მომავალთან დაკავშირებით. მომენტალურად მოდის იმპულსები, შეგრძნებები; ეს ადამიანი ტყუის, ის ახლა ასე მოიქცევა და ა.შ. ხშირად მართლდება. ასეთივე განცდები მაქვს ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებითაც.
– ეს უნარი რამდენად გეხმარება, რომ თავი დაიცვა მოსალოდნელი უსიამოვნებისგან?
– რა თქმა უნდა, მეხმარება, მაგრამ როდესაც მსოფლიოში დიდი მოვლენები ხდება, რომელსაც ვწინასწარმეტყველებდი, იქ უკვე უძლური ხარ, ვეღარაფერს ცვლი.
– დღეს რა შეგიძლია თქვა ჩვენს მომავალზე, რა შეგრძნებები გაქვს?
– ძალიან ძლიერი და კარგი ახალი თაობა მოდის. მხოლოდ ისინი შეძლებენ შეცვალონ ის, რაც დღეს ჩვენ არ მოგვწონს. მათ აქვთ ის ბერკეტი, რისი საშუალებითაც შეძლებენ, ეს ქვეყანა გაბრწყინების კონდიციამდე მიიყვანონ. ახლა 45 წლის ასაკში ვსწავლობ მაგისტრატურაში (სტრატეგიული კომუნიკაცია), ჩემი ჯგუფელები 22-25 წლის ახალგაზრდები არიან. უფრო პატარებთანაც მაქვს ურთიერთობა და იმედიანად ვარ.
– “მისი აზრით, მთელი ცხოვრება საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება”.
– ეს გენეტიკურად მაქვს ჩანერგილი. მამის მხარეს ფიზიკა-მათემატიკოსები, ეზოტერიკის მცოდნენი იყვნენ. ეს სფერო ძალიან მომწონს. კოსმოსის გავლენა, მნათობების განლაგება, როგორ გავლენას ახდენენ ადამიანებზე, ვცდილობ, ჩავუღრმავდე, შევისწავლო. ეს ცხოვრებისეული საიდუმლოებების ამოხსნის საშუალებას იძლევა.
– “ყველაფერი ძველი დრომოჭმულად და გამოუსადეგრად მიაჩნია, ყველაფერს ახალს და გამოუცნობს პირველი აღიარებს”.
– გამოუცნობს ვაღიარებ, მართალია, მაგრამ ძველმოდურს გამოუსადეგრად ნამდვილად არ მივიჩნევ. დღემდე მჯერა შელოცვების, რამდენჯერაც ცუდად გავხდებოდი, ბებიაჩემის შელოცვები მშველოდა. ქართველებს ისეთი ტრადიციები და კულტურა გაგვაჩნია, სიმღერასაც მაკურნებელი ძალა აქვს.
– “მიუხედავად იმისა, რომ მას გარს უამრავი ნაცნობი ახვევია, მეგობარი ძალიან ცოტა ჰყავს”.
– სულ 3 ახლო მეგობარი მყავს, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საქართველო მეგობრობას მეფიცება.
– “მასთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია. არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ, ძნელია აზრი შეაცვლევინო”.
– თავისუფლების მოყვარე ვარ, ჩემთვის შეზღუდვა ფიზიკურ და სულიერ განადგურებას ნიშნავს. სანამ ძალა მექნება, ამის უფლებას არავის მივცემ, ჩემს პოზიციებს ყოველთვის დავიცავ. აზრის გამოთქმისას, არასდროს არავისი მეშინია, – ეს არის ნინო ბაშარულის სხვებისგან განმასხვავებელი თვისება. გონივრული არგუმენტებით, ფაქტებით, თბილი პოზიციიდან საუბრით შეიძლება აზრიც შევიცვალო, სიჯანსაღე მნიშვნელოვანია.
– “ის პირველივე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს”.
– შეიძლება შევქმნა ისეთი გარემო, რომ ვენდობი, მასთან ურთიერთობისას გულღია და თბილიც ვიყო, მაგრამ მე ყოველთვის ვსწავლობ ადამიანს. ბრამად და გაუაზრებლად გულში არავის ვუშვებ.
– “მერწყული იშვიათად ტყუის. არ უყვარს სესხის გაცემა და აღება”.
– ტყუილები საშინლად არ მიყვარს. იმდენად ვერ ვიტან, რომ არაერთი მეგობარი ტყუილის გამო დავკარგე. ტყუილი ნდობას აქრობს. სადაც ნდობა ქრება, იქ მეგობრობაც იშლება. ადამიანი, რომელიც ერთხელ მწარედ მოგატყუებს, მეორედაც გიღალატებს. რაც შეეხება ფულთან ჩემს დამოკიდებულების საკითხს: ხელგაშლილი ვარ, მაგრამ – არა მატერიალურ საგნებში ხარჯვაში. შემიძლია წავიდე საზღვარგარეთ, სტინგის კონცერტს დავესწრო და ამისთვის თანხა 8 თვე ვაგროვო. სულიერ საზრდოში თანხა არასდროს მენანება. გამუდმებით ვიძენ ონლაინკურსებს, ამ თვეშიც 3 კურსი ვიყიდე და იმედი მაქვს, სამივეს ბოლომდე მივიყვან. პიროვნულ განვითარებაში, ზრდაში რაც კი შეიძლება დამეხმაროს, ყველაფერს ვეპოტინები.
– “ეჭვიანი არ არის”.
– ჩემს ეჭვებს დიდხანს ვებრძოლე და როგორც იქნა, გავთავისუფლდი. ახლა ვგრძნობ, ჩემში ეჭვის ნატამალი აღარ არის. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს შეიცნობს, უღრმავდება და იყვარებს, მერე ეჭვიანობის ყველანაირი საფუძველი უქრება. როდესაც ადამიანი თვითკმარია, მერე მის გვერდით მყოფი ადამიანები ეჭვის საფუძველსაც აღარ აძლევენ. როგორ შეიძლება, აღარ იყო ეჭვიანი, – ამ თემაზე დისერტაცია შემიძლია დავიცვა.
– “ერთი შეხედვით თითქოს ქუდბედიანია, ყველაფერი ძალუძს, მაგრამ საკუთარი სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო ხშირად უსუსურ სიტუაციებშიც კი ვარდება”.
– მართალია, იღბლიანი ვარ. ხშირად ადამიანებს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ, მე ჩემს მიზნებს ძალიან ადვილად ვაღწევ. ქართველი ხალხისთვის საყვარელი მომღერალი ერთი კარგი სიმღერით, ძალიან ახალგაზრდა გავხდი. მიუხედავად ყველაფრისა, ხანდახან უსუსურ მდგომარეობაშიც აღმოვჩენილვარ.
– მაგალითად?
– შემეძლო კარიერაში ძალიან დიდი და წარმატებული ნახტომი გამეკეთებინა და ამ დროს უკან დავიხიე. ერთ-ერთი ესპანელი რეჟისორისგან მქონდა შემოთავაზება, მეთამაშა ფილმში, სადაც მომღერლის როლი უნდა შემესრულებინა. ამ წინადადებას სერიოზულად არ შევხედე, იმ მომენტში თავდაჯერებულობა მაკლდა, ვიფიქრე, არ გამომივიდოდა, არადა მარწმუნებდნენ, რომ ძალიან კარგად ვითამაშებდი. თითქოს საკუთარი თავის იმედი არ მქონდა და ესპანეთიდან საქართველოში დავბრუნდი. შემდეგ ასეთივე კარგი შემოთავაზება მქონდა ამერიკიდან. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, უარი 3 ისეთ გემრიელ შემოთავაზებაზე ვთქვი, დღეს რომ მახსენდება, ლამის ცრემლები მომადგეს. ეს ყველაფერი დღევანდელი გადასახედიდან ძალიან გულდასაწყვეტია.
– “ხშირად უჭირს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება”.
– ეს წარსულში უფრო იყო, დედაზე ვიყავი ძალიან მიჯაჭვული, ყველაფერს მას ვეკითხებოდი. დღეს დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ესეც გამოცდილების შედეგია.
– “ხშირად პესიმიზმისკენ მიდრეკილია”.
– უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ პერიოდულად სევდა მჩვევია, მაგრამ პესიმიზმი და უიმედობა – არასდროს. შეიძლება ბაღში ხე გახმეს და ამან დამასევდიანოს, ათასი უბედურების მნახველი, სირიელი ბავშვების თვალებმა მოსვენება დამიკარგოს. მსოფლიოში მიმდინარე ნეგატიური მოვლენები ჩემზე ძალიან მოქმედებს, მასევდიანებს, მაფიქრებს. მერე ვცდილობ, ეს ყველაფერი შემოქმედებაში გადავიტანო და გავიფილტრო. სიმღერა ამ ყველაფერში ძალიან მეხმარება.
– “მას სჭირდება ადამიანი, რომელიც დაეხმარება იმაში, რომ აიმაღლოს თავდაჯერებულობა”.
– ძალიან მნიშვნელოვანია, გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელიც მოტივაციას მოგცემს, მაგრამ ეს ეტაპი გავლილი მაქვს. დღეს უკვე მეორე პირის გარეშე ვიმაღლებ თავდაჯერებულობას. წარსულში საკუთარი თავის აღქმა, ადამიანების გარეშე არ შემეძლო. მათი მხარდაჭერა, რეკომენდაციები მჭირდებოდა, რომ საკუთარი თავი დამენახა. ცხოვრებაში ბევრი კარგი ამბავი ამიტომაც “გავმაზე”.
– იმ პერიოდში, როდესაც თავდაჯერებულობა გაკლდა, ძლიერი ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებებს არ გკარნახობდა?
– როგორ არ მკარნახობდა, მაგრამ დაბალი თვითშეფასება იმდენად საზიზღარი რამაა, რომ ინტუიციასაც ყურს აღარ უგდებ, ეს ყველაზე საშინელი რამ არის. ამ შეგრძნებას ყოველდღიური მცდელობებით, პიროვნული გაძლიერებით ამარცხებ, მერე მაღლდები და შენი თავი გიყვარდება. დღეს ჩემი თავით ძალიან კმაყოფილი ვარ.