2024 წლის ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში რუმინეთი მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რომელიც რუმინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს, TVR-ს აქვს.
TVR-ის დირექტორთა საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა, სადაც საბჭოს წევრებმა წლევანდელ ევროვიზიაზე ასპარეზობის საკითხი განიხილეს. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ რუმინეთი 2024 წლის კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს.
“დირექტორთა საბჭომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც არ შეიცავს საკმარის ფინანსურ რესურს, რათა რუმინეთის ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობა უზრუნველყოს”. – წერია TVR-ის განცხადებაში.
2024 წლის ევროვიზია შვედეთის ქალაქ მალმში მიმდინარე წლის 7 მაისს დაიწყება. საქართველოს მუსიკალურ კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს.