200 მილიონ ფუნტი სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების წარმოებისთვის – დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რომელიც კიევში იმყოფება, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
“გამოვყოფთ 200 მილიონ ფუტს სხვადასხვა თვითმფრინავების წარმოებისთვის… ეს არის საჰაერო დახმარების უდიდესი პაკეტი, რომელიც რომელიმე ქვეყანამ მიაწოდა უკრაინას”, – თქვა რიში სუნაკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ბრიტანეთის პრემიერს ოპერატიულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა სავარაუდოა, რომ საფრენი აპარატების წარმოება უკრაინაშივე მოხდება.
რიში სუნაკმა კიევში ვიზიტის დროს უკრაინისთვის 2,5 მილიარდი ფუნტის ღირებულების დიდი სამხედრო დახმარების პაკეტიც გამოაცხადა, რომელიც მოიცავს დამატებით აღჭურვილობას საჰაერო თავდაცვისთვის, დამატებით ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, დამატებით შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, ათასობით ჭურვს და წვრთნებს კიდევ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცისთვის.
გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გრძელვადიან ისტორიულ შეთანხმებას. ამით გაერთიანებული სამეფო გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც უკრაინასთან ამ შინაარსის დოკუმენტი გააფორმა.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მომავალში, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, ბრიტანეთი უკრაინას სწრაფ დახმარებას გაუწევს, მათ შორის თანამედროვე იარაღით ხმელეთზე, ზღვაზე და ცაში.
“დღეს არის დღე, როდესაც შეიცვალა ევროპის ისტორია. უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ გააფორმეს ახალი და უპრეცედენტო შეთანხმება უსაფრთხოების შესახებ. ეს არ არის მხოლოდ დეკლარაცია. ეს არის რეალობა, რომელიც მოვა ჩვენი თანამშრომლობისა და უსაფრთხოების გარანტიების წყალობით. უსაფრთხოების ასეთი დონის გარანტიები რომ ყოფილიყო 1991 წლის შემდეგ ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან, მაშინ რუსული აგრესია უბრალოდ არ იქნებოდა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
რიში სუნაკი კიევში დღეს დილით ჩავიდა.