უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება | “ლელოს” ინიციატივით ოპოზიცია TI-ის შეხვდა

უსაფრთხოების სექტორში საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება – ეს იყო მთავარი თემა პარტია “ლელოს” მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც მესამე სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეთავაზების მიუხედავად, მას “ქართული ოცნებიდან” არავინ დასწრებია.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI) მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება. კანონპროექტი მიზნად ისახავს ევროკომისიის მე-5 დათქმის შესრულებასა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას.
“არის სფეროები, რომლებიც უსაფრთხოების სექტორში, ფაქტობრივად, კონტროლის გარეთ არის დარჩენილი. მაგალითად, შეიძლება ვთქვათ, პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა უსაფრთხოების სექტორში და რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკა და უსაფრთხოების სექტორი კონტროლდებოდეს არა მხოლოდ პარლამენტის წევრების მიერ, არამედ პარლამენტთან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რადგან ამ დარგის კონტროლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტული ცოდნა, ძალიან მნიშვნელოვანია კონტროლის განხორციელება პოლიტიკურად ნეიტრალური პირების მიერ, რომელთაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და შესაბამისი დრო”, – ამბობს TI-ის პროექტის მენეჯერი და საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაიამ.