ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების სწრაფ და უსაფრთხო მიწოდებას გააგრძელებს – როდესაც ამის დრო დადგება, ჩვენ აღდგენისა და რეკონსტრუქციის მიზნით დახმარებისთვის მზად ვიქნებით

მივესალმები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გამოცხადებას, – ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, სა და „ჰამასის“ მიერ ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევას.
„ვაფასებ ამერიკის შეერთებული შტატების, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის დიპლომატიურ ძალისხმევას, რომლის შედეგადაც ამის მიღწევა მოხერხდა. ასევე, ვაფასებ ისრაელის მთავრობისა და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერას. ახლა შეთანხმების პირობები ყველა მხარემ უნდა დაიცვას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
მისი თქმით, „ყველა მძევლის უსაფრთხოდ გათავისუფლება უნდა მოხდეს და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა უნდა დამყარდეს“.
„ევროკავშირი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების სწრაფ და უსაფრთხო მიწოდებას გააგრძელებს. როდესაც ამის დრო დადგება, ჩვენ აღდგენისა და რეკონსტრუქციის მიზნით დახმარებისთვის მზად ვიქნებით“, – აღნიშნავს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეთანხმების გამოცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც გამოეხმაურა.
„ღაზას სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვან გარღვევას წარმოადგენს. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევაა და დამანგრეველი ომის დასასრულებლად და მძევლების გასათავისუფლებლად რეალურ შანსს წარმოადგენს. ევროკავშირი ამ გეგმის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს“, – დაწერა კალასმა X-ზე.