ურბანისტი: თბილისში დღითიდღე იზრდება „ცივი საწოლების“ რიცხვი – ეს არის ბინები, სადაც არავინ ცხოვრობს“

„ბინის შეძენა არ ხდება მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ძალიან ხშირად, ეს არის უბრალოდ ფულის დაბანდება უძრავ ქონებაში, რომლის ფასი აუცილებლად მოიმატებს“, – ამის შესახებ ურბანისტმა ირაკლი მურღულიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში ჯერ კიდევ 13 წლის წინ მილიონ ოთხასი ათასი ადამიანისთვის საჭირო საცხოვრებელი ბინები არსებობდა. მას შემდეგ კი დედაქალაქს უამრავი კორპუსი დაემატა, რომელშიც ხშირად ადამიანები სახლებს ფულის დაბანდების მიზნით ყიდულობენ.

როგორც მან განმარტა, დედაქალაქში დღითიდღე იზრდება ისეთი ბინების რიცხვი, სადაც არავინ ცხოვრობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკოლოგიას ტყუილად ადგება ზიანი, ამ ინვესტიციას კი ეკონომიკისთვის სარგებელი არ მოაქვს.

„თბილისში ჯერ კიდევ 2009 წელს იყო იმდენი საცხოვრებელი რომ ევროპული სტანდარტით, ერთ ადამიანზე 35 კვადრატული მეტრი რომ ვიანგარიშოთ, მილიონ ოთხასი ათასი ადამიანისთვის საკმარისი საცხოვრებელი ფონდი არსებობდა. იმის შემდეგ კიდევ რამდენი საცხოვრებელი აშენდა ხომ წარმოგიდგენიათ და, რა თქმა უნდა, ეს ბინები იყიდება.

ბინის შეძენა არ ხდება მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ძალიან ხშირად, ეს არის უბრალოდ ფულის დაბანდება უძრავ ქონებაში, რომლის ფასი აუცილებლად მოიმატებს. რაც დრო გადის, უძრავი ქონების ფასი უფრო იზრდება და ეს ინვესტიცია წამგებიანი არასდროს არ იქნება. მით უმეტეს, როცა ქვეყანა ვითარდება. უძრავი ქონება რაც უფრო ძვირი ღირს, ის ქვეყანა და ქალაქი უფრო კარგია.ამიტომ არის, რომ კარგ ქალაქებში უძრავი ქონება ყოველთვის ძვირია.

თბილისში საღამოს 10 საათზე რომ გაიაროთ, ნახავთ, რომ ბევრ ბინაში არის შუქი ჩამქრალი, რაც ნიშნავს იმას, რომ არის ბევრი „ცივი საწოლი“ ანუ იქ არავინ ცხოვრობს. ასეთი ბინების რიცხვი დღითიდღე იზრდება და ეს ძალიან ცუდია, რადგან მიუთითებს იმაზე, რომ ეკოლოგიას მეტ ზიანს ვაყენებთ და თანაც ტყუილად, იმისთვის, რომ ვიღაცამ ფული დააბანდოს. რაღაც ოდენობის დიდი ფული, ჩადებული უძრავ ქონებაში, არის გაჩერებული და არაფერს აკეთებს“, – აღნიშნა ირაკლი მურღულიამ.