უპრეცედენტო ღალატი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობებს – “ჩემი ხმა” EU-ში გაწევრიანების შეჩერებაზე

სამოქალაქო საზოგადოება ეხმაურება “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირში მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას. მმართველი პარტიის ოფისთან შეკრებილი მოქალაქეებისთვის ერთობლივი განცხადება პოეტმა რატი ამაღლობელმა წაიკითხა.
სამოქალაქო სექტორი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას კონსტიტუციის დარღვევად და ღალატად აფასებს.
“არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ საბოლოოდ უარი ითქვა საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უხეშად ლახავს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატს, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობებს და უკიდურეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამის დასტურად ვლადიმერ პუტინმა უმალვე მოიწონა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება. საქართველოს მოქალაქეები ამას არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ამ ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ. მოვუწოდებთ ევროპის კავშირს, არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გახსნას ქართველმა ხალხმა და მისმა დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს, 28 ნოემბერს, ირაკლი მ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატებისგან მოლაპარაკებების გახსნა შანტაჟისთვის გამოიყენება და საქართველოს სთხოვენ ისეთ რეფორმებს, რომლებიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. ამაში კობახიძე სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს რუსული კანონის და ცენზურის დამწესებელი კანონის გაუქმებას.
სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
კობახიძის განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა. გარდა ამისა, ათონელის რეზიდენციაში მივიდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრების დასრულების შემდეგ საჯარო განცხადებას გააკეთებს.
ამავე თემაზე:
· ოპოზიციის რეაქცია მთავრობის გადაწყვეტილებაზე, 2028-ის ბოლომდე გააჩეროს EU-ში გაწევრიანების პროცესი

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი