უპრეცედენტო ზეწოლა ივანიშვილის რეჟიმის ლოიალური საბჭოს მხრიდან – მედიაკოალიცია ბორდის სხდომას ეხმაურება

მედიის ადვოკატირების კოალიცია, რომელიც მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ბოლო სხდომას და „მკაცრად გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების დევნას არხის სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ“.
23 მარტს გავრელებულ განცხადებაში კოალიცია „საგანგაშოდ“ აფასებს საბჭოს წევრების მოწოდებას პროკურატურისადმი, რომ საგამოძიებო უწყება შეისწავლოს პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ჟურნალისტების საქმე მათი კრიტიკული განცხადებების გამო.
„ეს არის უპრეცედენტო ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე და პირდაპირი მუქარა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და ივანიშვილის რეჟიმს პროპაგანდასა და ძალადობაში ამხელენ“, – აცხადებს კოალიცია.
ორი დღით ადრე, 21 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წერვებმა იმსჯელეს მათი ჟურნალისტების – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაიშვილის კრიტიკულ განცხადებებზე.
საბჭოს წევრებმა პროკურატურის ჩართულობა და აღნიშნული ჟურნალისტების საქმის შესწავლა მოითხოვეს. მათ შორის იყვნენ:
· , საბჭოს თავმდჯომარე, და წევრები:
· გრიგოლ (გია) მურღულია,
· გიორგი კოხრეიძე,
· თამილა დოლიძე,
· ბონდო მძინარაშვილი,
· იზებელა ოსიპოვა,
· გიორგი იაკობაშვილი
· სოსო სტურუა.
„ივანიშვილი რეჟიმის ლოიალური საბჭო უსაფუძვლოდ ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტები „ფინანსური ან პოლიტიკური ინტერესებით” მოქმედებდნენ“, – აცხადებს კოალიცია.
„შთაბეჭდილება მაქვს, რომ ამ ყველაფერში მასონური ლოჟაა ჩარეული“, – განაცხადა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა თამილა დოლიძემ.
კოალიციის განცხადებით, ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა:
„ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული სისტემური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიონალი, დამოუკიდებელი და პროევროპელი ჟურნალისტების დევნას“.
კოალიციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი მმართველი პირების ხელმძღვანელობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა „მიკერძოებულია ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლოდ, რაც დადასტურებულია სხვადასხვა დამოუკიდებელი მონიტორინგის შედეგები“.
კოალიცია ასევე მიუთითებს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის უწყვეტ აქციებთან ერთად, გრძელდება პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, სადაც მოქალაქეები ითხოვენ, რომ მაუწყებელმა შეასრულოს თავისი მისია, უზრუნველყოს სათანადო გაშუქება და ხალხის ხმა საზოგადოებამდე მიიტანოს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისთვის, და სწორედ ამ დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტების წყალობით, ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში რწმენა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ. მიუხედავად ზეწოლისა, ეს ჟურნალისტები აგრძელებენ პროფესიული სტანდარტების დაცვას და ცდილობენ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის“, – წერია კოალიციის განცხადებაში.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მოუწოდებს ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU-ს), აქტიურად ჩაერთოს არსებულ სიტუაციაში.
„მიუღებელია, რომ EBU-ს წევრი მაუწყებლის ხელმძღვანელობა დევნიდეს კოლეგებს პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო და პროპაგანდას და დეზინფორმაციის გამავრცელებელი იყოს“, – აცხადებს კოალიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დღეს საქართველოში რეპრესიებია – სამწუხაროდ, 1937 ძალიან ახლოს ჟღერს – მთავრობა, რომელიც რუსეთის ტაქტიკას ასახავს, სასამართლო სისტემას და პოლიციას მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღად იყენებს