რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა 26 იანვარს, 3 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დააანონსეს. ექიმები საქართველოს მთავრობის მიერ კლინიკის დანგრევაზე გადაწყვეტილების შეცვლასა და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ექიმები ამბობენ, რომ მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნისა და მათი ჩართულობის გარეშე მიიღო.
ექიმები ეჭვს გამოთქვამენ, რომ სახელმწიფოს მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორია სჭირდება და იქ სხვა საავადმყოფოს აშენებას არ გეგმავს.
“უპრეცედენტო გაყრაა ამ საავადმყოფოდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ტერიტორია უბრალოდ სჭირდებათ. ახალი საავადმყოფო უნდა აშენდეს იმიტომ, რომ ეს დაინგრეს, როდესაც ამდენი ფართია უკან. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქ საავადმყოფო საერთოდ არ აშენდება. მადლობის მაგივრად იღებს ზიზღს და შანტაჟის ენით საუბარს, რომ 5 თებერვლამდე ჩვენ აქედან უნდა გაგვყარონ და მათ ბუნდოვან წინადადებებზე უნდა მოვაწეროთ ხელი, რომლის უკანაც არანაირი გარანტია არ არის”, – ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი ექიმი, ნინო ოთარაშვილი.
ექიმებმა მთავრობის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციაზეც ისაუბრეს და განმარტეს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან მოსყიდვისა და შანტაჟის მცდელობაა.
ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ კომპენსაციებზე შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო და რესპუბლიკურის თანამშრომლებს გადაწყვეტილების მისაღებად 2 კვირა აქვთ.