უპილოტო ტაქსის სერვისი ევროპულ ბაზარზე მომავალი წლიდან შევა. ეს შესაძლებელი გახდა ამერიკული კომპანია Lyft-ისა და ჩინელი დეველოპერი Baidu-ს თანამშრომლობით.
ავტონომიური ტაქსები პირველ ეტაპზე გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ქუჩებში დაიწყებენ მოძრაობას. ახალი სერვისი Baidu-ს მიერ შექმნილ Apollo Go-ს მეექვსე თაობის ელექტრომობილებს გამოიყენებს. ეს მანქანები მძღოლის გარეშე, დამოუკიდებლად შეძლებენ ქალაქის მარშრუტებზე გადაადგილებას. მგზავრობის შეკვეთა Lyft-ის აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
Lyft-ისთვის ეს პროექტი ევროპულ ბაზარზე შესვლის სტრატეგიის ნაწილია. რამდენიმე დღის წინ კომპანიამ FREENOW-ის პლატფორმის შეძენაზე მოლაპარაკება დაასრულა, რაც მას საშუალებას აძლევს, ოპერირება ევროპის ცხრა ქვეყნის 180 ქალაქში დაიწყოს. გერმანია და დიდი ბრიტანეთი პრიორიტეტულ ბაზრებად FREENOW-ის არსებული ინფრასტრუქტურისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან დამყარებული კავშირების გამო შეირჩა.
Baidu-სთვის კი ევროპაში შესვლა მისი გლობალური გაფართოების კიდევ ერთი ნაბიჯია. კომპანიას უკვე აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული Uber-თან და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქთან, მათ შორის დუბაისა და აბუ-დაბისთან.
