„უნცია ოქროს ფასმა, შესაძლოა, $3000-ს მიაღწიოს“ – ანალიტიკოსები ძვირფასი მეტალის გაძვირებას ელიან

საერთაშორისო ოქროს ბირჟებზე ძვირფასი მეტალის ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება და დღეისათვის, 1 უნცია ოქროს ღირებულება 2911 დოლარს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ოქროს ფასებმა შემცირება დაიწყო და მისი ღირებულება 2,868 დოლარამდეც კი ჩამოვიდა, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ოქროს გაიაფება ერთჯერადი მოვლენა იქნებოდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში, Galt & Taggart-ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა აღნიშნა, ბოლოდროინდელი კლება მინიმალურ კორექციად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ერთწლიან პერიოდში, ძვირფასი მეტალის ღირებულება ჯამში, 36%-ითაა გაზრდილი.
მისივე თქმით, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები ელიან, რომ ოქროს გაძვირების პროცესი მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება და არ არის გამორიცხული რომ, 2025 წლის ბოლომდე, უნცია ოქროს ფასმა 3000 დოლარს მიაღწიოს.
სერგი ყურაშვილის განმარტებით, ზოგადად, ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის გააქტიურებულები არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ. შესაბამისად, ოქროზე გაზრდილი მოთხოვნა იწვევს მისი ღირებულების ზრდასაც.
რაც შეეხება საქართველოს, გლობალურ ბირჟებზე გაზრდილ ფასებს, ოქროს ნაკეთობების ქართველ მწარმოებლებზე გავლენა უკვე ჰქონდა. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები განმარტავენ, ბოლო თვეებში, შესასყიდი ოქრო, როგორც ნედლეული, 1 გრამზე 18 ლარით გაუძვირდათ. თუმცა, მწარმოელები ამბობენ, რომ ეს ჯერ ნაკეთობების ღირებულებაზე არ აუსახავთ და ცდილობენ, არსებული ფასები შეინარჩუნონ.
bp.ge