“უნიჭიერეს გუნდში მოვხვდი, სადაც ყველაფერი მაღალი დონისაა, “დინამოში” კი ასე აღმოვჩნდი…” – ინტერვიუ “თბილისელთა ავსტრიელ მეკარესთან

27 წლის ავსტრიელი მეკარე ტობიას შუტცენაუერი თბილისის “დინამოს” ბოლო დანამატია. ფეხბურთელი დედაქალაქურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა და ს “კოლხეთთან” 0:3 წაგებულ შეხვედრაში გუნდის კარიც დაიცვა.
შუტცენაუერი წლების განმავლობაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის “შტურმის” მეორე კიპერის სტატუსს ატარებდა, ბოლო სეზონი კი კვლავ სამშობლოში ითამაშა და “ალტახში” ირიცხებოდა, სადაც ჯამში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ავსტრიულმა MeinBezirk-მა ამ მეკარესთან ინტერვიუ ჩაწერა და დაინტერესდა, თუ როგორ შედგა მისი ტრანსფერი თბილისის “დინამოში”.
“იოლი პერიოდი არ მქონდა. კვირიდან კვირამდე რიტმში ხარ და გუნდთან ერთად ვარჯიშობ და
მისი ნაწილი ხარ, მიუხედავად იმისა, გიწევს თუ არა თამაში.
მოულოდნელად, კლუბის გარეშე აღმოვჩნდი და როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ძალიან რთული მდგომარეობა იყო. ნოემბერში ერთმა ძველმა მეგობარმა (ფერდინანდ ფელდჰოფერი “დინამოს” მწვრთნელი) დამირეკა და მკითხა, შემეძლო თუ არა მოედანზე დავბრუნებულიყავი.
ვიცოდი, რომ ამ გუნდის ღირსებას ოთარ კიტეიშვილი იცავდა, რომელიც “შტურმში” ჩემი თანაგუნდელი იყო. მას ვესაუბრე და ოთარმა მითხრა, რომ “დინამო” საქართველოში ყველაზე დიდი კლუბია. მას კარგის მეტი არაფერი უთქვამს და მეც უცებ თვითმფრინავში საქართველოსკენ მიმავალ რეისზე აღმოვჩნდი.
ჩემს ახალ გუნდში მოედანზე და მის გარეთ ყველა ფეხბურთით ცხოვრობს. აქ ყველაფერი მაღალი დონისაა, სასწავლო ცენტრიდან დაწყებული, საცხოვრებლით დამთავრებული.
ახალგაზრდა უნიჭიერესი ფეხბურთელებით გაჯერებულ გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს და ადაპტაციაში ისიც დამეხმარა, რომ აქ “ალტახის” ყოფილი წევრი დომინიკ რეიტერი დამხვდა.
ქართველები მოედანზე ხშირად ხმარობენ სიტყვას “მოდი, მოდი…” ეს სიტყვა უკვე ძალიან კარგად დავიმახსოვრე. კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაკავშირებს და თუ ორ მხარეს შორის შეთანხმება მოხდება, დარჩენაც შესაძლებელია”, – ამბობს შუტცენაუერი.