უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები ₾1.5 მილიონით, სულ ₾18 მილიონამდე გაიზარდა – „ფლანგვის დეტექტორი“

„ფლანგვის დეტექტორი“ მორიგ კვლევას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები 1.5 მილიონი ლარით, 18 მილიონამდე გაიზარდა. სამუშაოები კი “ქართული ოცნების” დონორების კომპანიამ – შპს “ჯეუ გრუპმა” – შეასრულა:
„უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიამ ტენდერი 2023 წლის 12 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17,221,286 მილიონი ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობისთვის კომპანიებს 1-თვიანი ვადა ჰქონდათ, თუმცა მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანია შპს ჯეუ გრუპმა გამოთქვა, რომელმაც შეთავაზებული 16,529,440 ლარით აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა კიდეც.
კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის 25 მაისს გაფორმდა, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადაც ჯამში 190 კალენდარული დღე განისაზღვრა. აქედან 45 დღე – საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად, ხოლო 145 – სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად. 2023 წლის 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა.
თბილისის მერიამ ამ შემთხვევაშიც მანკიერ პრაქტიკას მისდია და ხელშეკრულებაში არა ერთი ცვლილება შეიტანა, რამაც შესყიდვის ღირებულება გაზარდა. 2023 წლის 11 აგვისტოს ცვლილებით ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 1,490,861 ლარით გაიზარდა და 18,020,301 ლარი გახდა. ცვლილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ავტოტრანსპორტის გადაადგილების პროექტი დასახელდა. პროექტით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშოები შესაბამისობაში არ მოდიოდა ქუჩის რეაბილიტაციის თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვასთან.
ამის შემდეგ, 2023 წლის 28 ნოემბერს, ხელშეკრულებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. სამუშაოების მოცულობა დაზუსტდა და ის საბოლოოდ ჯამში 407 ლარითა და 88 თეთრით შემცირდა. შესაბამისად, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 18,019,893 ლარი გახდა.
სახელშეკრულებო პირობებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. თბილისის მერი ც ამავე ვადებს ასახელებდა, მაგალითად, 2023 წლის 4 ნოემბერს პირველი არხის ეთერში, ხოლო 2023 წლის 22 ნოემბერს თბილისის მთავრობის სხდომაზე. საბოლოო ჯამში, სამუშაო ოფიციალურად 4 დეკემბერს დასრულდა და ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ კომპანია ჯამში სამჯერ დააჯარიმა სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის გამო. ჯარიმების საერთო ღირებულებამ 32,500 ლარი შეადგინა.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანია
შპს ჯეუ გრუპი 2008 წლის 23 აპრილს დაარსდა. კომპანიის 50-50%-ს ფლობენ გიორგი მარკოიშვილი და ნინო კიკაბაძე. აღნიშნული კომპანია გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობს. 2013 წლიდან ის აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში, რომლის შემსყიდველიც ყველა შემთხვევაში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოა. 2013-2023 წლებში ამ კომპანიამ 389 მილიონი ლარის ტენდერებში გაიმარჯვა და 7,982,215 ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო.
ამ კომპანიის მფლობელები არიან მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები. 2017 წლის აგვისტოში, ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში, შპს ჯეუ გრუპის მფლობელებმა 25-25 ათასი ლარი შესწირეს მმართველ პარტიას. წარსულში ეს კომპანია ხშირად იყო კრიტიკის ობიექტი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების გამო. მაგალითად: 2019 წელს, როცა კომპანია კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, თბილისის მერმა მ შპს ჯეუ გრუპი გააკრიტიკა და თქვა რომ: “ის რაც კახეთის გზატკეცილის სათადარიგო გზებზე ხდებოდა იყო სრული კატასტროფა”.
აგრეთვე ეს კომპანია თბილისში ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, რომელიც დაგეგმილზე 9 თვით გვიან დასრულდა, ხოლო უშუალოდ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში კი არა ერთი ხარვეზი გამოვლინდა, რამაც აგრეთვე კითხვის ნიშნები გააჩინა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მამრთველ პარტიასთან დაახლოებულმა კომპანიამ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა, ხოლო თბილისის მერიისგან სამუშაოების დასასრულებლად შეთავაზებულ ფასზე 1.5 მილიონი ლარით მეტი ჩაერიცხება.
დასკვნა
თბილისის მერიამ უკონკურენტო გარემოში მოგებული ტენდერის პირობებში 16,529,440 მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა მისი შემომწირველის კუთვნილ, წარსულში სამუშოების არაჯეროვნად შესრულებაში მხილებულ კომპანიას, ჯეუ გრუპს.
ხელშეკრულებაში შესული ცვლილების თანახმად სამუშოების მოცულობა 1,490,861 ლარით გაიზარდა და 18,020,301 ლარი გახდა. ხოლო შემდეგ ის მიზერული 407 ლარითა და 88 თეთრით შემცირდა. შესაბამისად, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 18,019,893 ლარია. კომპანიას ჯერჯერობით ჩარიცხული აქვს თანხის მხოლოდ 60%. სამუშაოების მიმდინარეობისას ის აგრეთვე სამჯერ იქნა დაჯარიმებული თბილისის მერიის მიერ, სამუშოების არაჯეროვნად შესრულების გამო.
სამწუხაროდ, თბილისის მერია მრავალმილიონიან ტენდერებს კორუფციის მაღალი რისკების ქვეშ ატარებს, სამუშაოები კი ბიუჯეტს დაგეგმილზე მეტი უჯდება. ეს ყოველივე ან არასწორ დაგეგმარებასა და ცუდ მენეჯმენტზე, ან შესაძლო კორუფციული გარიგების ეჭვს აჩენს.“

ასევე დაგაინტერესებთ

სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩი – ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე დიპლომატიური პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტროს – სად მივდივართ? ევროპაში!