“უნდა შევწყვიტოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი” – “ნეიტრალები” “ოცნებას”
“ამ ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში ჩვენთვის სრულიად აღმაშფოთებელია ხელისუფლების ინერტულობა და მეტიც − გაურკვევლად დაჟინებული დაპირება, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ასეთ ვითარებაში საზოგადოება კიდევ უფრო იბნევა. ერთი მხრივ ევროპელი ბიუროკრატები პირდაპირ გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და რევოლუციურ პროცესებს მუხტს აძლევენ, მეორე მხრივ კი „ქართული ოცნება“ დაჟინებით იმეორებს, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მსგავსი პოლიტიკური ოქსიმორონი პირდაპირ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ქვეყანაში ისედაც არაჯანსაღ სიტუაციას.
დღევანდელი მოცემულობით ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 0.2%-ია, ამ ფონზე კი საქართველოში ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით იზრდება. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი ევროკავშირში ეკონომიკურ რეცესიას, ხოლო საქართველოში კიდევ უფრო მეტ ზრდას პროგნოზირებს. თავი რომ დავანებოთ ევროგაერთიანებაში არსებულ პოლიტიკურ ბაკქანალიას, აგენტურის მმართველობას და სუვერენიტეტის სრულად განადგურებას − გვინდა ვკითხოთ საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას − საით ექაჩებით ქვეყანას? რა სარგებელი უნდა მივიღოთ იმ კავშირის წევრობით, რომელიც ეკონომიკურად განადგურებულია? გაქვთ კი გაცნობიერებული, რა დაემართება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, თუ შეტრიალდა პოლიტიკური სიტუაცია და საქართველო შეუერთდა ევროკავშირს? მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით თავად გვეუბნებიან უარს კავშირის წევრობაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
ჯანსაღი ვაშლი რომ დამპალ ვაშლებში ჩააგდო, უმოკლეს ვადაში დაკარგავს ის სიჯანსაღეს. დაახლოებით ამ ალეგორიას ჰგავს ის პერსპექტივა, რაც საქართველოს ემუქრება 2030 წლისთვის, თუ მოხდება ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში. სწორედ ამიტომ, თავი უნდა დავანებოთ საზოგადოების მოტყუებას და ილუზიებში ცხოვრებას − ეს არის ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. უნდა შევწყვიტოთ თუნდაც რიტორიკის დონეზე იმ ნაბიჯებზე საუბარი, რაც საქართველოს გარდაუვალ განადგურებას უქადის”
