“უნდა შედგეს საპროექტო დავალება, სადაც იქნება ქართული მხარის მოთხოვნები”- თბილისის გენგეგმის ავტორი Eagle Hills-ის პროექტზე

არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე BMG-სთან არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული კომპანიის, Eagle Hills-ის თბილისთან დაკავშირებულ საინვესტიციო გეგმებს აფასებს.
საქმე ისაა, რომ Eagle Hills-მა მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ აღთაკლიასა და ში მდებარე 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე – ამის შესახებ ირკვევა იმ რენდერიდან, რომელიც Eagle Hills-მა გამოაქვეყნა. კომპანიის რენდერის თანახმად, ტერიტორია მოიცავს იმ მიწასაც, რომელსაც ამჟამად კრწანისის ტყე-პარკი ეწოდება. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და მის განმკარგავად სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო არის მითითებული, თუმცა მას დაცული ტერიტორიის სტატუსი არ აქვს. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი ინვესტორისთვის მიწის გადაცემას ვერ შეაფერხებს.
თბილისის გენერალური გეგმის ავტორი, არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე ტერიტორიის განვითარების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამბობს, რომ უნდა იყოს ქართული მხარის მხრიდან კონკრეტული მოთხოვნები, რასაც ინვესტორი გაითვალისწინებს. მათ შორის, მისი თქმით, აუცილებელია ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული ზონების შენარჩუნება, განსაკუთრებით კი თბილისსა და რუსთავს შორის არსებული მწვანე საფარის. ბოლქვაძე BMG-სთან აცხადებს, რომ ადგილზე საჭირო იქნება არაერთი კვლევის ჩატარება, რომლის საფუძველზეც უნდა გადაიდგას ნაბიჯები ტერიტორიის განვითარებისთვის.
“ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის ხედვა არსებობს, დეტალები უცნობია. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა შედგეს საპროექტო დავალება, სადაც იქნება ქართული მხარის მოთხოვნები. იქ მტკვარს აქვს შეზღუდვები, თბილისსა და რუსთავს შორის არეალია, რომელიც უნდა დარჩეს მწვანე სარტყლის სახით რეკრეაციულ სივრცედ. არის კიდევ ცალკეული ადგილები, სადაც კარგი გამწვანებებია და მათი უწყვეტობის შესანარჩუნებლად ღონისძიებებია ჩასატარებელი. იგივე ტერიტორიაზე, სამწუხაროდ, არის სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ძალიან დიდი არეალები მოუვლელი, არის არაერთი კარიერი, ბეტონის კვანძები იყო.
ასეთ პროექტებს სჭირდება კვლევები, რომელიც განაპირობებს შემდეგ ნაბიჯებს. ეს ჯერჯერობით გახლავთ მხოლოდ ხედვა, ამ კვლევის შემდეგ უფრო მეტის თქმა შეგვეძლება“,- აცხადებს მერაბ ბოლქვაძე.