უნდა მოვემზადოთ უფრო ცუდი სცენარისთვის… ბიზნესისთვის ხელშემწყობი პირობები უნდა არსებობდეს – რესტორატორთა ასოციაცია

“სამასპინძლო სექტორი თვლის, რომ ცუდი სეზონის შემთხვევაში ბიზნესს საგადასახადო კუთხით ხელშეწყობა დასჭირდება, ამიტომ ამაზე სახელმწიფო და საბანკო სექტორი წინასწარ უნდა იყოს მზად”, – ამის შესახებ საუბარი იყო ბანკებსა და მცირე და საშუალო ბიზნესს შორის შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
რესტორნებში წინა თვეებისგან განსხვავებით მარტში შედარებით გამოცოცხლებაა, თუმცა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი თვლის, რომ დეკემბრის მსგავსად თუ ბიზნესმა საბიუჯეტო გადასახადები მომდევნო თვეებშიც ვერ გადაიხადა, ამისთვის სამოქმედო გეგმა დღეს უნდა არსებობდეს.
„ყველაზე რთული იანვარი და თებერვალი გავიარეთ, მარტში შედარებით უკეთესობაა. თებერვალი ძლივს გადავიტანეთ, ისევე როგორც დეკემბერი, იმავეს აღნიშნავენ ჩვენი კოლეგები. ვლაპარაკობთ იმაზე, რომ უნდა მოვემზადოთ უფრო ცუდი სცენარისთვის, თუ არ მოხდება ეს ყველას გაგვიხარდება, მაგრამ ჩვენ მზად ვიქნებით, ეს უნდა მოხდეს ახლა, რომ მომზადება მოხდეს აპრილი-მაისის ცუდი სიტუაციისთვის.
რაღაც ქმედებები არის შესამუშავებელი. ის ტვირთი, რაც არის საგადასახადო, ბანკებიდან, ხელშემწყობი პირობები უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დარგი რომელიც არის ფაქტობრივად ლოკომოტივი მთელი სოფლის მეურნეობის და არამარტო, გადარჩეს. ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი ვართ. ფერმერი, რომელიც იგივე რაოდენობის პროდუქტს აწარმოებს, როგორც შარშან, რომ ვერ გაყიდის ხომ რთულია?! ასე იქნება ბევრი ტალღა.
მე ვამბობ, რომ როცა რთული სიტუაციაა, ჩვენ ყველა პატარა ბარიერი გვიშლის ხელს. ეს ბარიერები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. გადასახადის გადახდა არის ერთ-ერთი ასეთი ბარიერი. ჩვენ მაგალითად, დეკემბერში დღგ ვერ გადავიხადეთ, მომიწია განცხადების დაწერა გადავადებაზე, ვერ გადავიხადე იჯარა”,-აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.