„უნდა ითქვას სიმართლე, რომ სატესტოები ვერ მოვასწარით, რადგან საქართველოში არ გვყავს სპეციალისტები“- ლერი ხაბელოვი ოლიმპიური ფესტივალის სამზადისზე
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი წელს პირველად უმასპინძლებს. სპორტული ღონისძიება 9-16 თებერვალს გაიმართება და მასში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ძირითადი მასპინძელი დაბა ბაკურიანია. შეჯიბრებები ასევე გაიმართება თბილისსა და ბათუმში.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ქართველი 8 სპორტსმენი 3 სახეობაში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალისთვის სამზადისი დასკვნით ეტაპზეა. რამდენად მზად არის ქვეყანა უმასპინძლოს მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას? „კომერსანტი“ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ესაუბრა. ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ მზად არიან ოლიმპიური ფესტივალისთვის, თუმცა დარბაზებში სატესტო ღონისძიებების გამართვა ვერ მოახერხეს. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განმარტებით, ყველაფერი შემოწმებული და გამართულია, თუმცა საქართველოში სპეციალისტების არარსებობის გამო სატესტო რეჟიმში დარბაზების შემოწმება ვერ მოახერხეს.
,,უნდა ითქვას სიმართლე, რომ სატესტოები ვერ მოვასწარით, რადგან საქართველოში არ გვყავს სპეციალისტები. უცხოელი სტუმრები გვყავდა. სამწუხაროდ, სატესტოები ვერ ჩავატარეთ, თუმცა ყველაფერი შემოწმებულია, გავლილია და მზად არის შეჯიბრისათვის. რაც შეეხება სათხილამუროს, აქ პრობლემა მოხსნილია. წინა წლებში მსოფლიოს რამდენიმე თასის ეტაპი ჩატარდა. რაც შეეხება ბიატლონის ტრასას, იქ ნორმალურად არის ყველაფერი. დარბაზების ნაწილში გვაქვს ცოტა ის, რომ ჩვენც განვიცდით, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ექსპერტებმა ჩაიბარეს. დარბაზებში მოწმდება კლიმატი, ყინულის ხარისხი ფასდება, ჰაერის ტემპერატურა მოწმდება. ბევრი კომპონენტია. ექსპერტებმა მიიღეს ეს ყველაფერი, უბრალოდ სატესტო სპორტული ღონისძიება ვერ ჩავატარეთ. ექსპერტების დასკვნით კარგია და როცა ღონისძიებას ჩავატარებთ მაშინ გამოჩნდება თუ რამე გამოგვრჩა.’’- აცხადებს ლერი ხაბელოვი.
თბილისში დიღმის ოლიმპიური პარკი ჰოკეიში შეჯიბრებას უმასპინძლებს. დარბაზს ყინულის არენა შეემატა. ოლიმპიადის ნაწილი ბათუმში გაიმართება. მთავარი მასპინძელი კი ბაკურიანი იქნება, სადაც ბიატლონის ტრასა პირველად უმასპინძლებს სპორტულ ღონისძიებას.
,,უნდა გამოვყოთ ბიატლონის ტრასა ბაკურიანში, რომელიც ახლად აშენებულია. ძალიან მაღალი შეფასება მიიღო უცხოელი სპეციალისტებისგან. ამ ტრასის გაკეთება საბჭოთა პერიოდის დროს დაიწყო და ბოლომდე ვერ მიიყვანეს და ახლა დასრულდა. ეს არის სრულფასოვანი ბაზა, სადაც შეიძლება გაიარონ საწვრთნელი შეკრებები ჩვენმა გუნდებმა და უცხოელებმა. პირველად იქნება გამოყენებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ტრასა იქნება ევროპაში. ტრასა 2 500 კმ.-ია.’’- აცხადებს ლერი ხაბელოვი.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში 17 წლამდე სპორტსმენები მონაწილეობენ. ოლიმპიურ კომიტეტში იმედოვნებენ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთი მედლის აღებას მოახერხებს.
,,ზამთრის სახეობებში არ გვაქვს ის წარმატებები, რაც გვაქვს ზაფხულის ოლიმპიურ სახეობებში. თუმცა, ვფიქრობთ რომ ერთ მედალს მაინც ავიღებთ. ფიგურულ სრიალში გვაქვს იმედი. ინგა გურგენიძე იასპარეზებს. რეიტინგს რომ გადავხედოთ, მას აქვს მონაცემები და შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ოლიმპიურ ფესტივალზე.’’- აცხადებს ლერი ხაბელოვი ,,კომერსანტთან’’ საუბარში.
