„უნდა ველოდოთ ლარის გაუფასურების უფრო მსხვილ მასშტაბებს“ – აკაკი ცომაია

უნდა ველოდოთ ლარის გაუფასურების უფრო მსხვილ მასშტაბებს – ამის შესახებ ეკონომისტმა, აკაკი ცომაიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც დაამტკიცებს MEGOBARI აქტს და „ქართველი ხალხის აქტს“, სანქციები ამოქმედდება და ქვეყნიდან აქტიურად დაიწყება კაპიტალის გადინების პროცესი, რის შემდეგაც „შეუძლებელი გახდება კურსის დაჭერა“.
„როცა შეერთებული შტატები მიიღებს იმ ცნობილ კანონს და დაიწყება უკვე ფინანსური სანქციების გამოცხადების პროცესი, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქვეყნიდან აქტიურად დაიწყება რომ კაპიტალის გადინების პროცესი და უნდა ველოდოთ ლარის გაუფასურების უფრო მსხვილ მასშტაბებს. დაიწყება ფინანსური ოპერაციების დეტალური შესწავლის პროცესი, რომ არ მოხდეს, არ გაიპაროს სანქცირებული პირების სხვადასხვა ოპერაციები, რაც გამოიწვევს ფულის მოძრაობის დაყოვნებას, რაც ეკონომიკურ აქტივობაზე დიდ უარყოფით გავლენას მოახდენს, შეუძლებელი გახდება კურსის დაჭერა“, – განაცხადა ცომაიამ.
შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა საქართველოს მიმართ ახალი პოლიტიკა: აშშ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ძირფესვიანი გადახედვა, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა და სახაზინო დეპარტამენტის ინდივიდუალური სანქციები, რაც ქონების გაყინვას და აქტივებზე წვდომის შეზღუდვას გულისხმობს.
ეს პოლიტიკა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, გავრცელდება „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე“. აღნიშნულ სანქციებს ითვალისწინებს MEGOBARI აქტი წარმომადგენელთა პალატაში და „ქართველი ხალხის აქტი“ სენატში.