,, უნდა დასრულდეს სახელმწიფოს მიერ ეკლესიის პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსება” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საპატრიარქოს 35 მილიონიან დაფინანსებას ასე ეხმაურება:
,,საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ისტორიის მანძილზე მართლაც ჰქონდა განსაკუთრებული როლი და სწორედ ამ როლის გამოა, რომ ის, როგორც ინსტიტუცია, ერთადერთია, რომელსაც წლებია სახელმწიფო საბჭოთა პერიოდის ზარალს უნაზღაურებს, მიუხედავად იმისა, რომ არც დათვლილა ეს ზარალი, არ დადგენილა მისი გადახდის ვადები, ოდენობა და ა.შ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეისათვის ფლობს ალბათ ყველაზე მეტ ტერიტორიას, ნაგებობებს, სხვა უძრავ-მოძრავ ქონებას და ა.შ. დამატებით იღებს არა მხოლოდ ირიბ, არამედ პირდაპირ დაფინანსებას.
ამ დაფინანსებით, ის დღეისათვის არის სრულიად თვითკმარი, მდიდარი ინსტიტუცია, თუმცა დაყენებულია კანონზე მაღლა, არანაირი ფინანსური ანგარიშვალდებულება არ გააჩნია სახელმწიფოსთან, თუმცა, მატერიალური ინტერესით ზედმეტად არის ხელისუფლებაზე, როგორც სახელმწუფო სექტორზე დამოკიდებული, რითიც ერთი მხრივ, ილახება ეკლესიის ავტონომიურობა და თავისუფლება, მეორე მხრივ, შესაძლებლობა აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტერვენციისა.
ამდენი წლის შემდგომ, სახელმწიფომ უნდა დაასრულოს ეკლესიის სახელმწიფოზე დამოკიდებულების ეტაპი, უნდა დასრულდეს პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსება რათა ეკლესიას მიეცეს მეტი დამოუკიდებლობის და სრულად დამოუკიდებლობის შესაძლებლობაც, ხოლო სახელმწიფომ ამ მძიმე ტვირთისგან განთავისუფლდეს, რაც დღეს უკვე მორალურადაც და ეთიკურადაც გაუმართლებელია, მითუმეტეს, რომ, როგორც ვთქვი, დღეს ეკლესია სრულიად თვითკმარი და ფინანსურად უძლიერესი ინსტიტუციაა.”