„უნდა განვბლოკოთ ივანიშვილისგან დაბლოკილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ — არმაზ ახვლედიანი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და “სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ წარდგენილ პოლიტიკურ პლატფორმას, „ერთიანობას“, შეუერთდა არმაზ ახვლედიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისში პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო.
„უნდა განვბლოკოთ ივანიშვილის მიერ დაბლოკილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიზაცია. ეს მოიტანს კეთილდღეობას, განვითარებულ, გამარჯვებულ, ყველასთვის სასურველ საქართველოს“, — ამბობს არმაზ ახვლედიანი ნეტგაზეთთან.
არმაზ ახვლედიანი პასუხობს კითხვას, რატომ შეაჩერა „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა არჩევანი იმ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა ალიანსზე, ვისაც მმართველ პარტიაში ყოფნისას ებრძოდა.
„2013 წლის რამდენიმე თვის განმავლობაში ვიყავი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი და იქ ჩემი მისვლის ერთადერთი დანიშნულება იყო ის, რომ ქართული ოცნება გადაგვექცია ევროპული ტიპის დემოკრატიულ პარტიად. საუბედუროდ, იქ ჩაბუდებული ბებერი ნიანგების გამო, მე ეს ვერ მოვახერხე. მას შემდეგ ვიბრძვი იმისთვის, რომ საქართველოში იყოს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი.
ახლა, ამ ვითარებაში, როცა ხანძარია აგიზგიზებული და დანაშაულებრივი რეჟიმი ცდილობს, მთელი ქვეყანა დატოვოს კრემლის მარწუხებში, ყოველგვარი პოლიტიკური ამბიცია უნდა გადავდოთ განზე. ყველამ უნდა შევძლოთ და გავერთიანდეთ ოპოზიციურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეებში, ვინც სად შეძლებს. ეს უნდა იყოს ნამდვილი, მებრძოლი ოპოზიცია.
მიმაჩნია, რომ მთელ ამ სპექტრში, ძალიან მრავალფეროვანში, არაერთი გამორჩეული სივრცეა ოპოზიციური, მაგრამ მე ჩემი არჩევანი გავაკეთე ამ ერთობაზე. მიმაჩნია, რომ აქ არის ბრძოლის და გადაწყვეტილებების მიღების და შესრულების გაცილებით მნიშვნელოვანი ბერკეტები. აქ არის ჩემი აზრით ყველაზე მეტად გათვალისწინებული წარსულის შეცდომები.
მე ვიქნები ამ გაერთიანებაში, სხვა იქნება სხვაგან და ასე ერთობლივი, გონივრული, კეთილსინდისიერი, მტკიცე ბრძოლით უნდა დავასრულოთ ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი“, — ამბობს ახვლედიანი.
რას ჰპირდება „ერთიანობა“ ამომრჩეველს? არმაზ ახვლედიანის თქმით, ისეთ მთავრობას, რომელიც არა პარტიული აქტივის, არამედ თითოეული მოქალაქის ინტერესის გამტარი იქნება.
„ჩვენ უნდა შევძლოთ შევქმნათ თვისობრივად ახალი, ადამიანზე ორიენტირებული, სამართლებრივი ქართული სახელმწიფო, სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული მოქალაქის უფლება თანაბრად. არ იქნება მიკერძოებულობა. მთავრობა იქნება ყველას ინტერესების დამცველი და გამტარებელი და არ იქნება მხოლოდ პარტიული აქტივის მთავრობა. ეს სიმახინჯე უნდა დავასრულოთ. ეს ამბიცია არ არის, ეს არის რეალური ამოცანა. მჯერა, რომ შესრულებადია“, – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს – პრეზიდენტსა და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის სამშაბათს არის შეხვედრა და მის ინიციატივებზე იქ შედგება საუბარი