„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ არჩევნების ის შედეგები, რომლებიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, არის მრავალმხრივი სხვადასხვა მანიპულაციის საშუალებით მიღწეული. ამ შედეგს პოლიტიკური პარტია არ აღიარებს და ამბობს, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც მანიპულაციის დამტკიცება შეიძლება, საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმებაა.
სწორედ ამიტომ, „ ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოსგან მოითხოვს წვდომას როგორც ვერიფიკაციის აპარატებსა და იქ ჩატვირთულ სიებზე, ისე ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებზე.
„ეს არის ერთადერთი გზა, რითიც შეგვიძლია ეს მანიპულაცია დავამტკიცოთ“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, – აუცილებელია დოკუმენტების ხელახლა გადამოწმება და შედარება. ჩვენ უნდა მოგვცეს წვდომა დალუქულ დოკუმენტებზე. მხოლოდ ასე შევძლებთ ყველა ხმის დაცვას“.
თამარ კორძაიას სიტყვებით, ხელისუფლებას ჰქონდა არჩევნების გაყალბების ძალიან ფართო შესაძლებლობა: მათ შორის არჩევნების ფარულობის დარღვევა, მარკირების უხარისხო სითხის გამოყენება ან საერთოდ მარკირების გარეშე დარჩენილი ამომრჩეველი, რომელიც რამდენიმე უბანზე აძლევდა ხმას, ვერიფიკაციის აპარატების ხარვეზები, საარჩევნო სიით მანიპულირება და სხვა არაერთი დარღვევა, რამაც გამოიწვია კიდეც არჩევნების მასობრივად გაყალბება.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლას, თამარ კორძაიამ უპასუხა, რომ ამ საკითხზე პარტიაში ჯერ მსჯელობენ. ხოლო კითხვაზე, ელოდა თუ არა ქვეყნის ყველა დიდი ოპოზიციური პარტია არჩევნებში მესამე ადგილს, თამარ კორძაიამ უპასუხა, რომ ხელისუფლებამ „ეს სპეცოპერაცია სწორედ მათი პარტიის გაუქმების მიზნით ჩატარდა“.
ამ ეტაპზე:
· კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
· პარტია “საქართველოსთვის” მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა და არჩევნების გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
· “კოალიცია ცვლილებებისთვის”, რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ გაყალბების ერთ-ერთ მექანიზმად გამოიყენა ვერიფიკაციის აპარატები. ანუ ის ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც რეგისტრატორი ამომრჩევლის პირადობის მოწმობის და შესაბამისად, უბანზე დარეგისტრირებული ამომრჩევლის იდენტიფიცირებას ახდენდა.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 13:30 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:
· ქართული ოცნება – 54,09%;
· კოალიცია ცვლილებისთვის – 10,92%;
· ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 10,12%;
· ძლიერი საქართველო – 8,78%;
· გახარია – საქართველოსთვის – 7,76%.
ამ ხმებით საპარლამენტო მანდატები ასე ნაწილდება:
· ქართული ოცნება“ – 89;
· „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18;
· „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 17;
· „ძლიერი საქართველო“ – 14;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 12.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.