უნდა გადაიხადონ პოლიტიკოსებმა გირაო? – ინტერვიუ

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს პატიმრობა ემუქრებათ. „ლელოს“ ლიდერებმა, მ და ბადრი ჯაფარიძემ გადაიხადეს გირაო, რომელიც სასამართლომ კომისიაზე მიუსვლელობის გამო დააკისრა მათ. გირაოს გადახდას ჯერჯერობით არ აპირებენ: , ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და .
საზოგადოების ნაწილი მომხრეა იმის, რომ პოლიტიკოსებმა გირაოს გადახდის სანაცვლოდ აირიდონ პატიმრობა, ნაწილი კი წინააღმდეგია.
უნდა გადაიხადონ პოლიტიკოსებმა გირაო თუ არა? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა პოლიტიკოს არმაზ ახვლედიანს, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელს.
· ბატონო არმაზ, საკითხი დაისვა ასე და ნიკა მელიაც ეკითხებოდა მოქალაქეებს ფეისბუქში, – უნდა გადავიხადო თუ არა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლისთვის შეფარდებული გირაო? თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
ამ თემას მე განვიხილავ ორ პრიზმაში.
პირველი ისაა, რომ ამ მექანიზმს ახლა „ოცნება“ იყენებს ერთადერთი მიზნით – ეს არის რეპრესიები, პოლიტიკური ანგარიშსწორება და პროპაგანდის ინსტრუმენტი.
რა თქმა უნდა, სხვა დანიშნულება ამ კომისიას არ აქვს. მეორე მხრივ, ცინიზმია, როდესაც ეს რეჟიმი კომისიის ფარგლებში განიხილავს ძველ ამბებს და ამ ძველი ამბებიდან თავად ვერცერთხელ სწორი გაკვეთილი, სწორი დასკვნა ვერ გამოიტანა.
მე ვსვამ კითხვას – სად არიან მაშინდელი შემსრულებლები, პროკურორები, სუს-ისა და პოლიციის მაღალჩინოსნები, დღეს ისინი, შემთხვევით, კვლავ თანამდებობებზე ხომ არ არიან?!
კვლავ ის მოსამართლეები ხომ არ არიან და იუსტიციის საბჭოს არაფორმალური მმართველები კვლავაც ისინი ხომ არ არიან?!
მაინტერესებს, რასაც მე და ბევრი ჩემნაირი მოქალაქე საქართველოში ვაპროტესტებდით სააკაშვილის რეჟიმის დროს, იმ დიდ დანაშაულებრივ მანქანას, რომელიც მაშინ არსებობდა, ივანიშვილი აპროტესტებდა იმ წლებში?!
და „ოცნების“ დღევანდელი მმართველები, ვისაც ეს ასაკით შეესაბამება, თუნდაც , მაშინ ამას აპროტესტებდა?!
თუ მაშინ არ აპროტესტებდნენ და გვიან, ახლა აპროტესტებენ, რა დასკვნები გააკეთეს, რომ ისევ ავტორიტარული მმართველობა, ისევ კორუფციაში ჩამხრჩვალი ქვეყანა შექმნეს, მოახდინეს ძალაუფლების სრული უზურპაცია და დაამყარეს არნახული პოლიციური რეჟიმი?!
· გასაგებია, რომ ეს არის რეპრესიული მექანიზმი იმისთვის, რომ შური იძიონ ყველაზე, ვინც მათთვის პოლიტიკურად თუ სხვა ნიშნით მიუღებელია. ცალკე საკითხია ის, რომ საერთოდ უკანონოდ არის შექმნილი ეს კომისია, სამართლებრივადაც თუ დავსვამთ კითხვებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კომისია გამოიყენება როგორც დევნის მექანიზმი. ამიტომ, როგორ უნდა მოიქცნენ პოლიტიკოსები ამ შემთხვევაში?
საქმე ისაა, რომ ამ ჩამონათვალში შეიძლება მოხვდნენ პოლიტიკოსები და რაღაც მომენტში არაპოლიტიკოსებიც, თუკი დასჭირდა ეს ივანიშვილს.
დაზღვეული არავინაა. მიდგომა ერთიანი რომ იყოს, შესაძლოა კარგი იქნებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა მაინც მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, სინდისის კარნახით.
ჩემი აზრით, ნებისმიერი თანამშრომლობა ამ რეჟიმთან და მისი გადაწყვეტილებების გათვალისწინება, მათ შორის გირაოს გადახდა, კვლავ ამ რეჟიმის წისქვილზე ასხამს წყალს.
· გირაოს გადახდა თანამშრომლობაა?
ეს არის „ოცნებისთვის“ მისაღები, სასურველი რამ, როდესაც გირაოს ვიხდით. თუმცა, მე იმასაც ვხვდები, რომ ამის საპირწონე ახლა არის ციხე.
ამიტომაც, ვერავის ვერ დავძრახავ, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო და გირაო გადაიხადა, ყველას ესეც არ შეუძლია, მაგრამ ჩვენ ახლა, ისე როგორც არასდროს, უნდა ვიფიქროთ გამოსავალზე და არა მხოლოდ იმაზე, როგორც ყოველთვის გვიწევს ხოლმე, რომ უცებ ვიზრუნოთ ცეცხლის ჩაქრობაზე, რომელიც აქა-იქ ყოველთვის გაჩნდება.
გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. პირველ რიგში ეს გამოსავალი უნდა იპოვონ პოლიტიკოსებმა, რომლებსაც ახლა უწევთ გირაოს გადახდა, ან რიგში არიან, უნდათ გადახდა ან არ უნდათ. ეს გამოსავალია საპოვნი, რომელიც ამ საკითხს და ყველა სხვა უმთავრეს საკითხს მოაგვარებდა.
მაგრამ, არიან მზად დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამისთვის?
აი, ეს არის ფუნდამენტური კითხვა.
წულუკიანის კომისია არის არალეგიტიმური, რეჟიმის საზიზღარი ინსტრუმენტი, ეს, ვფიქრობ, ყველამ ვიცით.
· დღეს, 15 მაისს, პოლიტპატიმრების მორიგ სასამართლო სხდომაზე სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე შეეხო ამ საკითხს. „თავის გადასარჩენად გადახდილი გირაო ნიშნავს, რომ ბრძოლის ველიდან გარბიხარ“ – თქვა მან და აღნიშნა, რომ გირაო არავინ უნდა გადაიხადოს, რადგან ეს ნიშნავს ღალატს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ნიშნავს ეს ბრძოლის ველიდან გაქცევას?
მეც ვნახე ეს განცხადება, ჩემი დიდი პატივისცემა ამ პოლიტპატიმარს, როგორც ყველა პოლიტპატიმარს, რა თქმა უნდა, მათ აზრს, ბევრისთვის და ჩემთვისაც, ახლა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალაც, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ალბათ ვერავის დავამუნათებთ.
ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად მიიღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას.
რომ იყოს ერთიანი მიდგომა, როგორც დასაწყისში გითხარით, კონსოლიდირებული განცხადება, რომ არავინ, არც ერთ შემთხვევაში არ გადავიხდით გირაოს, არ წავალთ ამ კომპრომისზე, ეს იქნებოდა კარგი, მაგრამ როგორც ჩანს, ამის მიღწევა ახლა შეუძლებელია.
მე ამიტომაც ვეცდები უფრო ფართოდ, გლობალურად დავინახო პრობლემა და მინდა გითხრათ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რომ უკანონო, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ შექმნილი, პროპაგანდისტული, რეპრესიული კომისიის მსგავსი ინსტიტუციები აღარ არსებობდეს, რომ ყველა დროში, საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე დანაშაულები გამოიძიოს არა პროპაგანდისტულმა კომისიამ, არამედ მიუკერძოებელმა მართლმსაჯულებამ.
· ეს მაშინ მოხდება ალბათ, როცა „ოცნება“ წავა.
ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, არა მაშინ, როცა რეჟიმი შეიცვლება, არამედ მაშინ, როცა ეს პოლიციური რეჟიმი შეიცვლება და მომდევნო იქნება არსით დემოკრატიული, სამართლებრივ სახელმწიფოზე ორიენტირებული მთავრობა, პოლიტიკოსთა ერთობა. თუ ეს ასე იქნება, მაშინ ეს შესაძლებელია.
ეს არის დღეს მთავარი გამოწვევა და ამაში უნდა დავარწმუნოთ პოლიტიკოსებმა მოქალაქეები და რომ დავარწმუნოთ, ამისთვის ჩვენ, პოლიტიკოსები უნდა ვვარგოდეთ.
· პრინციპში, ამ გირაოს გადახდა არ ათავისუფლებს ამ ადამიანებს ციხისგან, რადგან შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, იყო თუ არა სწორი ან არასწორი ამ კომისიაზე არ მისვლა და თუ სასამართლო იტყვის, რომ არასწორი იყო, მაშინ შესაძლოა გირაოს გადამხდელი მაინც დააკავონ. მაგრამ მეორე საკითხია, თუკი ჯაფარიძე, მელია, გვარამია არ გადაიხდიან გირაოს და წავლენ ციხეში, ამით ხომ „ოცნება“ პოლიტიკურ ველს მარტივად მოასუფთავებს?
ზუსტად ვიცი, რომ ივანიშვილს არაფერი არ გააჩერებს და მას შეუძლია დაიჭიროს ოპოზიციის ნახევარი თუნდაც, არ მოერიდება არავის და არაფერს. აქვე იმასაც უნდა ვხვდებოდეთ, რომ გირაოს ინსტრუმენტით თუ გირაოს გარეშე, ივანიშვილს ხელში სხვა მექანიზმიც აქვს, რომ დაიჭიროს მისთვის არასასურველი პოლიტიკოსები ან სხვა პირები.
· ოპოზიციური პარტიების გაუქმების კანონი მიიღეს უკვე და ალბათ ამასაც გამოიყენებს.
ჩვენ საქმე გვაქვს ძალადობრივ, პოლიციურ რეჟიმთან, აღვირახსნილ უკანონობასთან მთელს ქვეყანაში, შესაბამისად, დღეს აქტუალურია წულუკიანის კომისია, ხვალ შეიძლება ნებისმიერი ახალი თემა შემოაგდოს ივანიშვილმა და მისი მეშვეობით უფრო მეტი რეპრესიები მოუწყოს არასასურველ პოლიტიკოსებს და მოქალაქეებს, არასამთავრობოების, მედიის წარმომადგენლებს.
ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ დღეს თუნდაც გველეშაპის ეს ერთი თავი დავადუმოთ, მოვჭრათ როგორღაც, პოლიტიკურად, ამოვა სხვა თავი.
აქ პრობლემა არა მარტო წულუკიანის ავადსახსენებელი კომისიაა, არამედ ამის პირველწყარო.
პირველწყარო არის ივანიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი, ავტორიტარული, პოლიციური რეჟიმი. ის საზრდოობს დღეს ივანიშვილით, ასრულებს მის შეკვეთას, შესაბამისად, ვერაფერს ვერ გავხდებით, თუ ეს პირველწყარო არ აღმოიფხვრება.
· როგორ ფიქრობთ, ახლა ველის მოსუფთავება ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება თუ ივანიშვილის გეგმას, სამუდამოდ დააშოროს ეს ქვეყანა ევროკავშირს?
ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ჩქარობს და ჩემთვის გასაგებია რატომაც.
აქ საქმე მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებს არ ეხება, მისთვის ახლა არის რამდენიმე ამოცანა – პირველი, მან უნდა შეძლოს და მოასუფთაოს ოპოზიციური პოლიტიკური ველი. თუკი სადმე არასასურველი ვინმე დარჩა, რომელმაც შეიძლება გაუწიოს რეალური წინააღმდეგობა – ასეთი ადამიანებისგან, ორგანიზაციებისგან ის უნდა გათავისუფლდეს.
იმიტომ, რომ ხვდება, ადგილობრივ არჩევნებშიც და ნებისმიერ მომდევნო არჩევნებშიც მას საზოგადოების დიდი ნაწილი გაუწევს წინააღმდეგობას, ამიტომაც მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღარ არსებობდეს არანაირი ალტერნატივა და იყოს მხოლოდ მისი სატელიტები აქა-იქ.
მეორე – ის ჩქარობს, რადგან მას აჩქარებს კრემლი.
კრემლისთვის ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში წერტილი დაესვას ყველა იმ სივრცეს, წყაროს, სადაც შეიძლება აღმოცენდეს წინააღმდეგობის მოძრაობა.
ამასთან ერთად, ივანიშვილი ჩქარობს იმიტომაც, რომ ხვდება – მისი რეიტინგი, საზოგადოების ნდობა მის მიმართ, მკვეთრად ეცემა ყოველ ჯერზე და მას აღარ რჩება არც ერთი სხვა მექანიზმი, გარდა რეპრესიულისა.
მე ერთ რამეს ზუსტად ვხვდები, რომ ის სურათი, რაც ახლა გვაქვს, 2025 წლის მაისში, სანატრელი გახდება 2025 წლის შემოდგომაზე, თუკი ეს ასე გაგრძელდა, ისეთ დღეში ჩააგდებს საზოგადოებას, ქვეყანას ივანიშვილი.
ამიტომ ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ რა გველის და რა დღეში ვართ, მაგრამ შედეგის მომცემი ეს ნამდვილად არ იქნება, თუ არ დაიწყო რეალური ძვრები პოლიტიკურ ასპარეზზე, თუ არ შეიქმნა ახალი პოლიტიკური, ოპოზიციური, მძლავრი სუბიექტები, რომლებიც საპროტესტო მუხტით გაჯერებულ მოქალაქეებთან ერთად შეძლებენ ყველა კონსტიტუციური გზის გამოყენებას იმისთვის, რომ საქართველოს ჩამოაშორონ კრემლის ეს მარიონეტული რეჟიმი და შექმნან პირობები საქართველოში უალტერნატივო დემოკრატიული განვითარებისთვის.
აი, ეს არის ახლა ჩემთვის ზეამოცანა.
თუ წინააღმდეგობა არ იქნება სათანადო და შედეგიანი, რა თქმა უნდა, ივანიშვილი თავის გეგმას შეასრულებს.
· ეს „შედეგიანი“ წინააღმდეგობა რომელია? ამ დრომდე მხოლოდ ის გვესმის, რომ ახლა მთავარია ქუჩაში დგომა და ამ ფორმით წინააღმდეგობის გაწევა რეჟიმისთვის. თქვენ რაში ხედავთ შედეგს?
დღეს ქუჩის პროტესტი არის ერთადერთი ინსტრუმენტი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ არასაკმარისი.
საკმარისი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქუჩის ამ მძლავრ, საპროტესტო მუხტს შეერწყმება ჰარმონიულად პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის შემქმნელიც დღევანდელი ოპოზიცია ვეღარ არის. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებებს, რომლებიც უნდა შეიქმნას გაბედული, დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქეების, მათ შორის პროტესტში მყოფი მოქალაქეების მიერ.
მე სხვა გამოსავალს ვერ ვპოულობ.
სხვა გამოსავალი ჩემთვის დღეს უბრალოდ არც არსებობს. ამ ოპოზიციის ამარა საქართველო განწირულია, რომ მრავალი მომდევნო წელი იყოს ივანიშვილის უღელქვეშ.