უნგრეთში კრიტიკოსების წინააღმდეგ ამოქმედდა „სუვერენიტეტის დაცვის ოფისი“

უნგრეთის „სუვერენიტეტის დაცვის ოფისი“ აწარმოებს გამოძიებას ანტიკორუფციული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ უნგრეთის ფილიალის მიმართ. უნგრულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა გამოცემა Átlátszó-მ ასევე მიიღო წერილი სამთავრობო ორგანოსგან. ოფისმა იკითხა, თუ რა გზებით თანამშრომლობდა Atlatszo „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — უნგრეთი“, ისე საგამოძიებო მედია Átlátszó, უნგრეთის ხელისუფლების სავარაუდო კორუფციის გამოვლენით არიან დაკავებული.
„ეს ყველაფერი იმდენად აბსურდულია, რომ სადმე ორუელსა და კაფკას შორის დავაყენებდი. ევროკავშირის ქვეყანაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. სუვერენიტეტის დაცვის ოფისის საქმიანობა არღვევს გამოხატვის თავისუფლებას და არაკონსტიტუციურია“, — განაცხადა უნგრეთის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა იოზეფ პეტერ მარტინმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — უნგრეთმა“ 25 ივნისს განაცხადა, რომ ახალშექმნილი “სუვერენიტეტის დაცვის ოფისიდან” მიიღო ექვსგვერდიანი წერილი „კონკრეტული და ყოვლისმომცველი გამოძიების“ დაწყების შესახებ. ოფისმა მოითხოვა ფინანსური და ოპერატიული ინფორმაცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — უნგრეთმა“ თქვა, რომ ინფორმაციას მიაწვდის, თუმცა ოფისის საქმიანობას მიიჩნევს კონსტიტუციასთან და ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუთავსებლად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — უნგრეთი“ შემთხვევით არ მიიჩნევს, რომ ის გახდა სუვერენიტეტის დაცვის ოფისის სამიზნე.
„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს პოზიციას, რომ ეს კანონი ემსახურება მთავრობის განზრახვას, დააშინოს მოქალაქეები და სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — უნგრეთი“.
„სუვერენიტეტის დაცვის ოფისი“ გასული წლის დეკემბერში ფორმალურად შეიქმნა “უცხოური გავლენის” მონიტორინგისთვის. კრიტიკოსების თქმით, ოფისი, რომელსაც მმართველი პარტიასთან დაკავშირებული პირი ხელმძღვანელობს, მოქმედებს არა როგორც დამოუკიდებელი ორგანო, არამედ როგორც ხელისუფლების კრიტიკოსებზე ზეწოლის ინსტრუმენტი.
The Guardian-ის ცნობით, საჯარო მოხსენებებში სუვერენიტეტის დაცვის ოფისი აკრიტიკებს მაღალი დონის მედიასაშუალებებს და ამბობს, რომ „მათი ჟურნალისტიკა ზიანს აყენებს უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს“. ოფისის სამიზნეებს შორის არიან უნგრეთის საგარეო პოლიტიკის ექსპერტები, რომლებმაც ისაუბრეს მთავრობის მყუდრო ურთიერთობაზე კრემლთან. ამ დროს ოფისის ანგარიშში „დასავლურ დეზინფორმაციულ ნარატივებად“ არის მონიშნული ახალი ამბები, რომელიც ციტირებს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს და -ის ელჩს უნგრეთში დევიდ პრესმანს.
თებერვალში ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ მიიღებს სამართლებრივ ზომებს უნგრეთის წინააღმდეგ იმ კანონის გამო, რომლის საფუძველზეც სუვერენიტეტის ოფისი შეიქმნა. ბუდაპეშტი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ასეთი ოფისის არსებობა აუცილებელია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში უნგრეთი „მზარდი საფრთხეების“ წინაშე აღმოჩნდა.
„სუვერენიტეტის დაცვის ოფისი შეიქმნა უნგრეთის საშინაო საქმეებში საგარეო ჩარევის შესასწავლად და უნგრეთის სუვერენიტეტისა და უნგრეთის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ ოფისი არ არის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ან საგამოძიებო ორგანო, ის აძლიერებს გამჭვირვალობას ანგარიშების შეგროვებით და გამოქვეყნებით”, — აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი.
სუვერენიტეტის დაცვის ოფისი 2023 წლის დეკემბერში მიღებული „სუვერენიტეტის დაცვის აქტის“ საფუძველზე შეიქმნა. მას აქვს უფლება შეაგროვოს ინფორმაცია ნებისმიერი ჯგუფის ან პირის შესახებ, რომელიც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით და გავლენას ახდენს საჯარო დებატებზე, ხოლო უნგრეთის საიდუმლო სამსახურებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ოფისის გამოძიებას. კანონმდებლობის ოპონენტებმა ის შეადარეს ს „უცხოელი აგენტების“ კანონს და თქვეს, რომ ცდილობს გააჩუმოს კრიტიკული ხმები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ ნორმებს და ავტოკრატიული პოლიტიკური სისტემა ააშენოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — უნგრეთმა“ სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. ევროკომისიამ თებერვალში წამოიწყო სამართლებრივი პროცედურა, რომელიც შესაძლოა, მივიდეს ევროკავშირის სასამართლომდე.
მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ ერთხელ უკვე გააუქმა უნგრეთის მსგავსი კანონმდებლობა. უნგრეთმა 2017 წელს მიიღო რუსულის ანალოგიური კანონი, სახელწოდებით „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ”. აღნიშნულს წინ უძღოდა ორბანის მთავრობის რამდენიმეწლიანი კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდის“ წინააღმდეგ და უცხოურ აგენტობაში მათი დადანაშაულება. უნგრეთი ირწმუნებოდა, რომ კანონმდებლობა არა რუსეთის, არამედ ამერიკული FARA-დან გადმოიღო. მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ უნგრეთის კანონმდებლობა ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია და ევროკომისიის აღსრულების მექანიზმის ამოქმედების გამო, უნგრეთს მისი გაუქმება მოუწია. სწორედ ამის შემდეგ შექმნეს უნგრეთში “სუვერენიტეტის დაცვის ოფისი”.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი: ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე, კორუმპირებული ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს – საქართველოსთვის მთელი დაფინანსება უნდა შევწყვიტოთ, თუ ეს მოხდება