უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, მისი ქვეყანა წინააღმდეგია, რომ NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი ნიდერლანდების პრემიერი, მარკ რუტე გახდეს.
“ნამდვილად ვერ დავუჭერთ მხარს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იმ ადამიანის არჩევას, რომელსაც უნგრეთის დაჩოქება სურდა”. – თქვა სიიარტომ 5 მარტს.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გულისხმობდა რუტეს მიერ 2021 წელს ანტი-LGBT კანონმდებლობასთან დაკავშირებულ განცხადებას. მაშინ ნიდერლანდების პრემიერმა ვიქტორ ორბანის მიერ შემოღებული კანონი დაგმო და თქვა, რომ მათ “ევროკავშირში აღარაფერი ესაქმებათ”.
“გრძელვადიანი მიზანია ამ საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის მუხლებზე დაყენება”. – თქვა რუტემ.
აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების პრემიერთან დაკავშირებით სიიარტომ აშშ-ში ვიქტორ ორბანისა და დონალდ ტრამპის დაგეგმილ შეხვედრამდე სამი დღით ადრე ისაუბრა. უნგრეთის პრემიერი აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრას 8 მარტს გეგმავს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის პოზიციაზე მარკ რუტეს კანდიდატურას მხარი უკვე დაუჭირეს გაერთიანებულმა სამეფომ, პარიზმა და ბერლინმა. გამოცემა POLITICO-მ 22 თებერვალს ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუტეს კანდიდატურას ჯო ბაიდენიც უჭერს მხარს.
განსხვავებული სიტუაციაა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. რუსეთის საზღვართან მდებარე ქვეყნები რუტეს კანდიდატურის მხარდაჭერისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, თუმცა უნგრეთისგან განსხვავებული მიზეზის გამო.
ბალტიისპირეთის ქვეყნები რუტეს პრემიერობისას ნიდერლანდების თავდაცვის ხარჯების სიმცირით, ხოლო რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი ნიდერლანდების მიერ რუმინეთის შენგენის ზონაში მიღების დაბლოკვით არის უკმაყოფილო.
ალიანსის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, იენს სტოლტენბერგის ვადა მიმდინარე წლის ოქტომბერში იწურება. NATO-ს წესდების თანახმად, გენერალური მდივანი ყველა მოკავშირის ერთსულოვანი თანხმობით უნდა აირჩიონ. შესაბამისად, რუტემ 31-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.