უნგრეთი, რუსეთის თხოვნით, დნესტრისპირეთისთვის გაზის მიწოდებას აპირებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრული სავაჭრო კომპანია, ს თხოვნით, დნესტრისპირეთს ბუნებრივ აირს მიაწვდის. პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ათიათასობით ადამიანს ენერგეტიკული კრიზისი მას შემდეგ აწუხებს, რაც მ მისი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტზე უარი თქვა. როგორც ამბობს, ამ გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავალი მოსკოვს სამხედრო კამპანიის დაფინანსებაში ეხმარება.
სიიარტოს განცხადებით, დნესტრისპირეთისთვის გაზის მიწოდების თხოვნით მას რუსეთის ვიცე-პრემიერმა მიმართა, რომელიც ენერგეტიკაზეა პასუხისმგებელი. ეს საკითხი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლდოველ კოლეგასთანაც განიხილა. თუმცა, სიიარტოს არ დაუკონკრეტებია, რომელი უნგრული კომპანია მიაწვდის გაზს დნესტრისპირეთს.
იანვრის ბოლოს, მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთში ბუნებრივი აირის შეძენისა და ტრანსპორტირებისთვის ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს. მან ასევე განაცხადა, რომ უნგრული კომპანია „MOL Group“-ი დნესტრისპირეთში გაზის მიწოდების საკითხზე „მოლდოვაგაზთან“ კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
„როიტერის“ ცნობით, მიმდინარე თვეში დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ რეგიონმა გაზის მიღება მოსკოვის მიერ გაცემული სესხის წყალობით დაიწყო. ტირასპოლის განცხადებით „MET Group“-ის შვილობილმა კომპანიამ „მოლდოვაგაზთან“ გაზის მიწოდებაზე მოკლევადიანი კონტრაქტი თებერვალში გააფორმა.
დნესტრისპირეთი მოლდოვას კონტროლიდან 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი ხანმოკლე ომის შემდეგ გამოვიდა. ის მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ იურიდიულად მოლდოვას შემადგენლობაში რჩება. დნესტრისპირეთი, იზოლაციის გამო, ეკონომიკურად და პოლიტიკურად დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული. ათწლეულების განმავლობაში ის იაფ რუსულ გაზს იყენებდა, რომელსაც გასათბობად და მოლდოვაში გასაყიდი ელექტროენერგიის წარმოებისთვის მოიხმარდა.
დნესტრისპირეთის ენერგეტიკულ კრიზისზე პასუხისმგებლობას რუსეთი მოლდოვასა და უკრაინას აკისრებს. ამ უკანასკნელს ის სამი წლის წინ თავს დაესხა და მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დღემდე რეგულარულად ანადგურებს. კიევმა უარი თქვა რუსულ „გაზპრომსა“ და უკრაინულ „ნაფტოგაზს“ შორის გაზის მიწოდების ხუთწლიანი კონტრაქტის განახლებაზე, რომელსაც ვადა 1 იანვარს ამოეწურა. სწორედ ამ კონტრაქტის საფუძველზე ხდებოდა ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება რუსეთიდან ევროკავშირსა და მოლდოვაში (უკრაინის ტერიტორიის გავლით). კიევმა ეს ნაბიჯი იმით გაამართლა, რომ ამ გაზის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში იყენებდა.
ენერგოკრიზისში მოლდოვა მოსკოვს ადანაშაულებს. კიშინიოვის განცხადებით, ალტერნატიული მარშრუტებით გაზის მიწოდებაზე უარის თქმით, რუსული გაზის კომპანია „გაზპრომმა“ გრძელვადიანი კონტრაქტი დაარღვია. თავის მხრივ, „გაზპრომი“ ირწმუნება, რომ გაზის ექსპორტი მან მოლდოვას მიერ იმ გადაუხდელი 709 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის გამო შეაჩერა, რომელსაც კიშინიოვი არ ცნობს.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი