ლავროვი სიიარტოს მეგობრობის ორდენს გადასცემს, 2021 წელი.
გამოცემა VSquare ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთი კრემლთან თანამშრომლობდა, რათა რუს ოლიგარქებზე, კონპანიებსა და ბანკებზე ევროკავშირის სანქციები მოეხსნა.
VSquare ავრცელებს სატელეფონო ზარის ჩანაწერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს და მისი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის შორის.
ჩანაწერში ლავროვი სიიარტოს ეუბნება, რომ რუს ოლიგარქს, ალიშერ უსმანოვს, მისი დის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღება სურს და სიიარტოს სთხოვს, რომ დაეხმაროს.
გამოცემის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში სიიარტო თანხმდება და პასუხობს: “საქმე შემდეგშია – სლოვაკებთან ერთად ჩვენ ევროკავშირს წარვუდგენთ წინადადებას მისი სიიდან ამოღების შესახებ. ჩვენ მას მომავალ კვირას წარვადგენთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის სიიდან ამოიღონ.”
სატელეფონო ზარის განამვლობაში ლავროვი და სიიარტო ასევე აკრიტიკებენ ევროკავშირის მაშინდელ უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს. ლავროვი მას “უდიდეს იმედგაცრუებას,” სიიარტო კი “ევროპელ ბაიდენს” უწოდებს.
ზარის ბოლოს, სიიარტო საუბრობს გაზპრომის ახალ შტაბ-ბინაზე, რომელიც რუსეთში ყოფნისას მოინახულა და ლავროვს ეუბნება: “მე ყოველთვის თქვენს განკარგულებაში ვარ.”
ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით მანამდე წერდა, რომ სიიარტო ევროპული საბჭოს შეხვედრებიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა.
ცნობას თავად სიიარტომ თავდაპირველად “ცრუ ინფორმაცია” უწოდა. მისი მტკიცებით, ეს ინფორმაცია არჩევნების წინ ოპოზიციონერი პეტერ მაგიარის პარტიის მხარდაჭერის გასაზრდელად გავრცელდა. მოგვიანებით მან დაადასტურა, რომ ლავროვთან სატელეფონო ზარები შედგა.