უნგრეთში, უძველეს ბიბლიოთეკაში, ათეულობით ათასი წიგნი ჩამოაქვთ თაროდან, რათა ისინი ხოჭოების შემოსევას გადაარჩინონ.
ანონჰალმას ბენედიქტელთა მონასტერი უნგრეთის ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო ცენტრია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
რესტავრატორები დაახლოებით 100,000 ხელით შეკრულ წიგნს თაროებიდან ფრთხილად ხსნიან და ყუთებში ალაგებენ – ეს დეზინფექციის პროცესის დასაწყისია, რომელიც მიზნად ისახავს პატარა ხოჭოების განადგურებას, რომლებიც წიგნებში შეიჭრნენ.
აფთიაქის ხოჭო, რომელსაც ხშირად პურის ხოჭოსაც ეძახიან, ძირითადად გვხვდება მშრალ საკვებ პროდუქტებში — მარცვლეულში, ფქვილში და სუნელებში. თუმცა მას ასევე იზიდავს წიგნებში გამოყენებული ჟელატინისა და სახამებლის ბაზაზე დამზადებული წებოვანი ნივთიერებები.
ეს ხოჭოები აღმოაჩინეს ბიბლიოთეკის იმ განყოფილებაში, სადაც სააბატოს 400,000 ტომიანი კოლექციის დაახლოებით მეოთხედია დაცული.
„ეს მავნებელი მწერის გავრცელების საკმაოდ ხშირი ფორმაა. მთელი კოლექცია ინფიცირებულად ითვლება და ერთდროულად უნდა დამუშავდეს. ასეთი მასშტაბის ინფექციას აქამდე არასოდეს შევხვედრივართ“ -ამბობს ჟოფია ედიტ ჰაიდუ, პროექტის მთავარი რესტავრატორი.
ის, რომ ბიბლიოთეკაში ხოჭოები გავრცელდა პირველად ბიბლიოთეკის რუტინული დასუფთავებისას აღმოაჩინეს. თანამშრომლებმა თაროებზე შენიშნეს უჩვეულო მტვრის ფენა და შემდეგ ნახეს, რომ ზოგიერთი წიგნის ყდაზე ხვრელები იყო. ტომების გახსნის შემდეგ კი ფურცლებშიც აღმოაჩინეს არაერთი ნახვრეტი.
პანონჰალმის სააბატო 996 წელს დაარსდა — ოთხი წლით ადრე, ვიდრე უნგრეთის სამეფო შეიქმნებოდა. იგი მდებარეობს მაღალ გორაზე, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ინახავს უნგრეთის უძველეს წიგნთა კოლექციას, მათ შორის ქვეყნის ერთ-ერთ პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წერილობით წყაროებს.
