უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – კორუფციის გამო ევროკავშირმა უკრაინის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს

კორუფციის გამო ევროკავშირმა უკრაინის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, ბრიუსელი წლებია ევროპელი ხალხის ფულით უკრაინის სახელმწიფოს საქმიანობას აფინანსებს.
„უკრაინაში კი კორუფცია მძვინვარებს, ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ევროკავშირიდან მიღებული თანხების დახარჯვის შესახებ ზუსტი ანგარიში არავის უნახავს. ამასობაში კი რა სურს ბრიუსელს? კიდევ უფრო მეტი ფულის გაგზავნა უკრაინის პრეზიდენტისთვის ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, რომლის უახლოეს გარემოცვაში ახლახან ფართო კორუფციული ქსელი გამოავლინეს“, – წერს სიიარტო.
მისი თქმით, „დროა, ეს სიგიჟე შეწყდეს! შეწყდეს ევროპელი ხალხის ფულის უკრაინაში გაგზავნა“.
„ვიდრე ჩვენ მთავრობაში ვართ, უნგრელი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მათი ფული უკრაინაში არ გაიგზავნება“, – აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ენერგეტიკის სექტორში 100 მილიონი დოლარის კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ კორუფციულ სქემაში მონაწილე შვიდ პირს ბრალი წაუყენა, კერძოდ, ბირთვულ სააგენტო „ენერგოატომში“ შესყიდვების კონტროლის გამო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის მინისტრ გერმან გალუშენკოს უფლებამოსილება შეუჩერა, ხოლო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, სვეტლანა ჰრინჩუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი