უნგრეთის პოლიციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ კრძალავენ ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებას, რომელიც 28 ივნისს იყო დაგეგმილი.
უნგრეთის პარლამენტმა, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მემარჯვენე ფიდესის პარტიას დიდი უმრავლესობა აქვს, მარტში მიიღო კანონმდებლობა, რომელიც პოლიციისთვის ლგბტქ+ მსვლელობების აკრძალვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის, ბავშვთა დაცვის მოტივით.
ბუდაპეშტის ლიბერალმა მერმა, გერგეი კარაჩონიმ, კანონის გვერდის ავლა სცადა ორშაბათს განაცხადა, რომ რადგან ბუდაპეშტის პრაიდის მსვლელობა მუნიციპალური ღონისძიებაა, „ხელისუფლების ნებართვა საჭირო არ არის“.
თუმცა, ბუდაპეშტის პოლიციამ მიიჩნია, რომ კანონი მერის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზეც ვრცელდება და მსვლელობა აკრძალა.
ამის მიუხედავად, ბუდაპეშტის მერი აცხადებს, რომ ღონისძიება მაინც ჩატარდება. „ქალაქის მუნიციპალიტეტი ბუდაპეშტის თავისუფლების პრაიდის ზეიმს 28 ივნისს, უნგრეთის თავისუფლების დღეს, მუნიციპალურ ღონისძიებად უმასპინძლებს. წერტილი“, – დაწერა მერმა. აქციაზე ათიათასობით ადამიანის დასწრებაა მოსალოდნელი.
ორბანს 2026 წელს რთული არჩევნები ელის, სადაც ახალი, მზარდი ოპოზიციური პარტია მის მმართველობას საფრთხეს უქმნის. ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ მისი ინტენსიური კამპანია მიზნად ისახავს „ფიდესის“ ამომრჩევლების, ძირითადად სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გულის მოგებას.
თებერვალში ორბანმა განაცხადა, რომ ორგანიზატორებმა წელს ბუდაპეშტში პრაიდის ორგანიზებით თავიც კი არ უნდა შეიწუხონ.
ფორუმი
