უნგრეთის პარლამენტში გადაიდო 10 ივნისისათვის დანიშნული კენჭისყრა სადავო კანონპროექტზე, „საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში ვიქტორ ორბანის პარტიამ 13 მაისს შეიტანა.
რადიო თავისუფლების უნგრული სამსახურის ცნობით, კანონპროექტისათვის პირველი მოსმენით კენჭი 10 ივნისს უნდა ეყარათ, თუმცა კენჭისყრა გადაიდო – სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიამდე.
პარტია „ფიდესის“ წარმომადგენლის თქმით, საგაზაფხულო სესიაზე განხილვები ვერ მოესწრებოდა, რის გამოც კენჭისყრა არ შედგება და პროცესი საშემოდგომო სესიისათვის გადაიდება.
„ფიდესის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მატე კოჩიშმა ფეისბუკზე გამოქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ ფრაქცია „სუვერენიტეტის დასაცავად სამართლებრივი ინსტრუმენტების შემოღების შესახებ იდეაში ერთიანია“, თუმცა გუნდში არსებობს „განსხვავებული მოსაზრებები“ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ეს ინსტრუმენტები.
მისი თქმით, საბანკო, სარეკლამო სააგენტოების, იურისტთა და სხვა ასოციაციებისაგან მიიღებს „განსახილველად საინტერესო შეთავაზებებს“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
„საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის“ კანონპროექტი, კრიტიკოსთა თანახმად, შესაძლოა უნგრეთის ხელისუფლების კიდევ ერთი იარაღი გახდეს თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
უფლებადამცველები შიშობენ, რომ კანონი მთავრობას საშუალებას მისცემს, ჩაახშოს დამოუკიდებელი ხმები – 2026 წლის არჩევნების წინ; ისინი დარწმუნებული არიან, რომ კანონპროექტი არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობასა და ფუნდამენტურ უფლებებს.
კანონპროექტის მიხედვით:
· სუვერენიტეტის დაცვის სპეციალური დეპარტამენტი (რომელიც 2023 წელს მიღებული „ნაციონალური სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ კანონის კვალდაკვალ შეიქმნა) შექმნის „შავ სიას“;
· ორგანიზაციები „შავ სიაში“ მოხვდებიან მთავრობის დადგენილებით – მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმების გარეშე – მთავარია მთავრობამ მიიჩნიოს, რომ ორგანიზაცია „გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე“ და „საფრთხეს უქმნის ეროვნულ სუვერენიტეტს“;
· სიაში მოხვედრის შემდეგ უცხოური დაფინანსების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მთავრობის ნებართვით;
· ასეთ ორგანიზაციებს არც ადგილობრივი 1%-იანი საგადასახადო შემოწირულებების მიღების უფლება არ ექნებათ;
· გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაჩერებს სადავო გადაწყვეტილების მოქმედებას.
უნგრეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონი აუცილებელია ქვეყნის სუვერენიტეტის განსამტკიცებლად, რათა უცხოური ძალები – მათ შორის „ბრიუსელი“ – არ ჩაერიონ ქვეყნის შიდა ცხოვრებაში.
კანონპროექტის ინიციირებამდე, 2025 წლის მარტში, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებდა, რომ დადგა დრო, აღმოიფხვრას აშშ-ისგან და ბრიუსელისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, მოსამართლეებისა და პოლიტიკოსების „ჩრდილოვანი არმია“.
· მსგავსი კანონი 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთის ფედერაციაში;
· „აგენტების კანონის“ მიღება სცადეს 2023 წელს საქართველოში, თუმცა მასობრივი დემონსტრაციების ფონზე გაიწვიეს. საბოლოოდ, 2024 წელს, ის შეცვლილი სათაურით მაინც მიიღეს, 2025 წელს კი მიიღეს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“. ბოლო თვეების არაერთ საკანონმდებლო ცვლილებას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ავტორიტარული რეჟიმისკენ შემობრუნების წერტილად“ აფასებს.
· 2024 წლის 4 აპრილს „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონი მიიღო ყირგიზეთმაც. ყირგიზული კანონი „უცხოეთის წარმომადგენლად“ აცხადებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის გარედან იღებენ დაფინანსებას და „პოლიტიკურ საქმიანობას“ ახორციელებენ. მთავრობას უფლება აქვს, სასამართლოს ნებართვის გარეშე ექვსი თვით დახუროს ორგანიზაციები, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან.
· 2024 წელსვე ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკა სრპსკას (სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია მსგავსი „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი. ამის მიუხედავად, 2025 წლის 27 თებერვალს რესპუბლიკა სრპსკამ საბოლოოდ მაინც მიიღო„უცხოეთის აგენტების“ კანონი;
· 2025 წლის 30 მაისს „აგენტების კანონი“ მიიღო სალვადორმაც, – დონალდ ტრამპის მოკავშირის, ნაიბ ბუკელეს პრეზიდენტობის პირობებში; „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ აცხადებს, რომ „ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციის იძულებითა და უცხოური მხარდაჭერის დაბეგვრით, სალვადორის მთავრობა ნიკარაგუისა და რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმების რეპრესიულ ტაქტიკას იყენებს“.
