უნგრეთის პარლამენტმა მორიგი შემზღუდავი ნორმებით მე-15-ედ შეცვალა კონსტიტუცია

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მორიგ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ს მთავრობამ ერთი თვის წინ წარუდგინა საკანონმდებლო ორგანოს და კრიტიკოსთა შეფასებით, ზღუდავს რიგ ფუნდამენტურ უფლებებს. ეს არის მეთხუთმეტე საკონსტიტუციო ცვლილებები უნგრეთის მთავარ კანონში, რომელიც 2011 წელს პარტია „ფიდეშის“ მონაწილეობით მმართველმა კოალიციამ მიიღო.
დღეს პარტია „ფიდეში“ პარლამენტში მანდატების 2/3-ს ფლობს, რითაც უზრუნველყო მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებები და განსაზღვრა, რომ ბავშვის ფიზიკური, მენტალური და ზნეობრივი განვითარების უფლება უპირატესია და აგრეთვე ის, რომ კონსტიტუციურად აღიარებული იქნება ორი სქესი – ქალისა და კაცის. საკონსტიტუციო ცვლილებები ამყარებს უნგრეთის მთავრობის მიერ ლგბტ პრაიდის ან მსგავსი ღონისძიებების ამკრძალავ კანონს და ხელს უხსნის ხელისუფლებას, გამოიყენოს სახის ამომცნობი პროგრამა ასეთ ღონისძიებებში მონაწილეთა ამოსაცნობად და დასაჯარიმებლად (200 ათას ფორინტამდე თანხით, რაც $546-ს უდრის).
ზოგიერთი იურისტი დაობდა, რომ შეკრების უფლების ამგვარი შეზღუდვა უნგრეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. პრაიდის აკრძალვის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად ვიქტორ ორბანის პარტიამ მთავარ კანონში ჩაწერა, რომ ბავშვის ფიზიკური, სულიერი და ზნეობრივი განვითარების უფლება ყველა ფუნდამენტურ უფლებაზე უპირატესია (სიცოცხლის უფლების გარდა).
შეცვლილი კონსტიტუციის თანახმად, „პირის სქესი დაბადებისას არის ბიოლოგიური მახასიათებელი და ის შეიძლება იყოს კაცი ან ქალი“. ამ ცვლილებას წინ უძღოდა ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომ დედა ქალია და მამა კაცია, რითაც აიკრძალა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანა.
კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, უქმდება ორმაგი მოქალაქეობის უფლება უნგრეთის იმ მოქალაქისთვის, რომლის საქმიანობა „საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და ეროვნულ უსაფრთხოებას“, რაც უნგრეთის მთავრობის მიერ სავარაუდოდ გამოყენებული იქნება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების გასაძევებლად და ასაკრძალავად, რომლებიც მიჩნეული იქნებიან უცხოური ინტერესების წარმომადგენლებად.
უნგრეთის „ჰელსინკის კომიტეტი“ აცხადებს, რომ მიღებული ცვლილებებით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ხდება „შიშის დაკანონება“ – “ეს კანონები წარმოადგენს მთავრობის მიერ განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ადამიანის უფლებების დაცვის შესასუსტებლად და ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის ძალისხმევის მნიშვნელოვნად გაძლიერებას“, – ნათქვამის ორგანიზაციის განცხადებაში.
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „მომენტუმი“ ხაზს უსვამს ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მსგავსებას რუსეთში არსებულ აკრძალვებთან. ოპოზიციურმა პარტიამ სოციალურ ქსელში მოუწოდა უნგრელებს, შეერთებოდნენ პარლამენტის ბლოკირების აქციას: „მოდით, კოლექტიურად შევეცადოთ ხელი შევუშალოთ მათ ჩვენი პუტინის გზაზე დაყენებასა და ჩვენთვის თავისუფლებების წართმევაში“.
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენას წინ უძღოდა ლგბტქ+ თემის მიერ საჯარო ღონისძიებების საკანონმდებლო აკრძალვა, რასაც მოჰყვა ათასობით ადამიანის გამოსვლა ქუჩაში საპროტესტო აქციებზე.
ფორუმი