მეორე დღეა, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელძღვანელობით შეხვედრებს მართავს ბრიუსელში.
სამშაბათს, 20 თებერვალს გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი, ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი და საქართველოს დელეგაცია.
მათ გარდა ასოცირების საბჭოზე იმყოფებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტოც – ეს კი უჩვეულო ამბავია.
ასოცირებს საბჭოს არათუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, არამედ წევრი ქვეყნების ელჩებიც კი არ ესწრებიან – მხოლოდ ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები და ევროკომისიის სპეციალისტები გაფართოების საკითხებში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპაზე მომუშავე ექსპერტები. სიაარტო ამ შეხვედრაზე ერთადერთი იყო, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უშუალოდ წარმოადგენდა.
ბრიუსელში რადიო თავისუფლების ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროს ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო საბჭოზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, მისი ქვეყნის პრიორიტეტია, უნგრეთის ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ევროკავშირის გაფართოების პროცესი დაჩქარდეს, – განსაკუთრებით, საქართველოსთვის.
უნგრეთი 2024 წლის ივლისიდან 6 თვის განმავლობაში, დეკემბრის ჩათვლით, იქნება ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, – როტაციის პრინციპით. საბჭოს სხდომების თავმჯდომარის მოვალეობას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეასრულებს.
რადიო თავისუფლების წყაროების ცნობითვე, მინისტრმა სიიარტომ იქვე განაცხადა, რომ უნგრეთს პრეზიდენტობის პერიოდში სურს, წლის ბოლომდე მოიწვიოს მთავრობათაშორისო კონფერენცია საქართველოს მონაწილეობით.
მთავრობათაშორისო კონფერენციები ძალიან იშვიათად მოიწვევა – აქ წყდება ევროკავშირის ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებში ცვლილებების საკითხი.
ცვლილებებს ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდება.
მთავრობათაშორისი კონფერენცია ერთ-ერთი საკვანძო ეტაპია ევროკავშირის გაფართოების პროცესში.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, ბუდაპეშტის მიერ მთავრობათაშორისი კონფერენციის მოწვევა ნიშნავს, რომ უნგრეთი გეგმავს, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, წელსვე გახსნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები.
ეს ცნობები ჯერჯერობით ოფიციალურად საჯაროდ არ დადასტურებულა.
20 თებერვალსვე, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დაწყებამდე, პიტერ სიიარტომ ფეისბუკზე დაწერა, რომ:
· „საქართველო დიდი ხანია, ევროკავშირის წევრობას იმსაუხურებს“;
· „უნგრეთის თავმჯდომაროების პერიოდში, მომდევნო თვეებში, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად წაიწიოს წინ გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებში“.
ზოგადად, საქართველოსთან გაწევრების მოლაპარაკებებზე შეთანხმებასაც კონსენსუსი სჭირდება – ყველა წევრი ქვეყანა უნდა იყოს თანახმა.
2023 წლის დეკემბერში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა, ბლოკმა ასოცირებული ტრიოს დანარჩენ ორ წევრთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე გამოხატა მზაობა.
საქართველო, კანდიდატის სტატუსით, ერთი ნაბიჯით ჩამორჩება კიევსა და კიშინიოვს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, – რომელიც საქართველოს მხარს უჭერდა, – უკრაინასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგებოდა.
გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა მოლაპარაკებების ჩარჩოს მიღება.