უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები 2026უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 13:00 საათისთვის რეკორდულ 54.1%-ს მიაღწია. 2022 წელს იგივე მაჩვენებელი 40%-ს შეადგენდა.
ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია 07:00, 09:00, 11:00 საათებზეც.
ქვეყნის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა, პარტია Fidesz-ის ლიდერმა, ბუდაპეშტში დღეს დილით მისცა ხმა და განაცხადა, რომ კმაყოფილია მაღალი აქტივობით – “ეს დემოკრატიის გამარჯვებაა. რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს, მით უკეთესია”.
ორბანის პარტიის მთავარი კონკურენტი ოპოზიციური პარტია Tisza-ს ლიდერმა, პეტერ მაგიარმა ასევე დღეს დილით მისცა ხმა. მისი თქმით, რეკორდულად მაღალი აქტივობა და მშვიდი და გამჭვირვალე არჩევნები მის პარტიას გამარჯვებაში დაეხმარება.
“თუ ეს არჩევნები მშვიდ და კანონიერ გარემოში ჩატარდება, მაშინ Tisza და შესაბამისად, უნგრეთი ამ არჩევნებს მოიგებს” – განაცხადა მან.
ბოლო გამოკითხვები ოპოზიციური პარტია Tisza-ს მკვეთრ ლიდერობაზე მიუთითებს,
საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით 19:00 საათზე (თბილისის დროით 21:00-ზე) დაიხურება. უნგრეთში ერთტურიანი საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომელშიც მთავრობის ფორმირების უფლება ენიჭება იმ პარტიას ან კოალიციას, რომელიც ყველაზე მეტ მანდატს მოიპოვებს.
199 საპარლამენტო მანდატიდან 106 სამაჟორიტარო ოლქებში ირჩევა, ხოლო დარჩენილი 93 პარტიული სიების მიხედვით ნაწილდება. საზღვარგარეთ მცხოვრებ უნგრეთის მოქალაქეებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.
წინასწარი შედეგები მოსალოდნელია გვიან საღამოს, ხოლო ოფიციალური შედეგები – დაახლოებით შუაღამისთვის (თბილისის დროით 02:00).