უნგრეთზე საერთაშორისო ზეწოლის ზრდის პარალელურად, რომ ქვეყანამ დაასრულოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირების პროცესი და მხარი დაუჭიროს ალიანსის გაფართოებას, ვიქტორ ორბანის მთავრობაზე ზეწოლა იზრდება ქვეყნის შიგნითაც. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნგრეთის პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩანიშნეს, სადაც შვედეთის საკითხის განხილვა უნდა მოხდეს.
სხდომა დღეს, პარასკევს უნდა გამართულიყო, თუმცა ვიქტორ ორბანის მმართველი პარტია, ამბობს, რომ საკითხის განხილვა უნგრეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ მოხდება. თუ მმართველი პარტია საკითხს მხარს არ დაუჭერს, რატიფიცირების პროცესი პარლამენტში ვერ დასრულდება.
ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შორის, ორბანის მთავრობის პრესსპიკერმა სააგენტო „როიტერის“ კითხვებს არ უპასუხა.
უნგრეთის მოქმედ მთავრობას, რომელსაც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი კავშირები აქვს რუსეთთან, ამბობს, რომ მხარს უჭერს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, თითქმის ორი წელია არ ასრულებს პროცესს, რაც შვედეთის ნატოში გაწევრიანებას სჭირდება.
მას შემდეგ რაც 2024 წლის იანვრის მიწურულს, თურქეთის პარლამენტმა და შემდეგ პრეზიდენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს,უნგრეთი ახლა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც პროცესს აჭიანურებს.
უნგრეთს დროული ნაბიჯების გადადგმისკენ არაერთი ქვეყანა მოუწოდებს, განცხადებები გაკეთდა როგორც ბრიუსელში, ისე ვაშინგტონში. ეს არ არის ევროკავშირში ერთადერთი საკითხი, რასაც უნგრეთი წინააღმდეგობას უწევდა, ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის ევროკავშირიდან სამხედრო დახმარების დამტკიცებასაც, თუმცა გუშინ ბრიუსელმა 50 მილიარდი ევროს (54 მილიარდი დოლარი) გამოყოფაზე შეთანხმებას მიაღწია. ორბანმა მოგვიანებით თქვა, რომ მისი ქვეყნისთვის ბოლომდე იბრძოლა, სანამ დათანხმდებოდა დახმარების გამოყოფას.
მანამდე ორბანის მთავრობა ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების გზაზე დაწინაურებას, თუმცა მისი წინააღმდეგობის დაძლევა წარმატებით დასრულდა.
არსებობს, მოლოდინი, რომ შვედეთი 2024 წელს ნატოს წევრი სახელმწიფო გახდება, თუმცა როდის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ვიქტორ ორბანის მმართველი პარტია და მთავრობა, ამ დროისთვის ცნობილი არ არის.