უნარების გაძლიერებისა და დასაქმების რეგიონულ პროექტს 300-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის” შემაჯამებელ ღონისძიებას შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში უმასპინძლა და საზოგადოებას სამწლიანი საქმიანობის შედეგები გააცნო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, დასაქმებისა და საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების სხვადასხვა ფორმატით, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ სამიზნე რეგიონებში უნარების გაძლიერებისა და დასაქმების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც სამიზნე რეგიონებში ჩატარებული დასაქმების ბაზრის კვლევაზე დაყრდნობითა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სერვისებით, პროექტმა მოიცვა როგორც სამუშაოს მაძიებელი ზრდასრული მოსახლეობა, ასევე საჯარო სკოლები და პროფესიული სასწავლებლები.
პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის” განხორციელების შედეგად, გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, საკუთარი ბიზნესის წამოწყება 60-მდე ადამიანმა შეძლო, პროექტის სერვისებით კი 3000-მდე ადამიანმა ისარგებლა.