„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ გაეროში სიტყვით, მის ნაცვლად, მიხეილ ყაველაშვილი გამოვა.
კობახიძის თქმით, ვინაიდან ადგილობრივი არჩევნებზე ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, მისთვის ფიზიკურადაც რთული იქნება ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეაზე გამოსვლა, რომელიც სექტემბერში გაიმართება.
თუმცა კობახიძისთვის წინასაარჩევნო პერიოდს ხელი არ შეუშლია გასულ წელს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, მიუხედავად ამისა, მან გაეროს გენერალური ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო.
„ჩვენ შევთანხმდებით, გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, მათ შორის ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, არის საარჩევნო რეჟიმი და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული საარჩევნო პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, რა ენაზე გამოვა გაეროში სიტყვით მიხეილ ყაველაშვილი, კობახიძემ განაცხადა, რომ მას ქართულ ენაზეც შეუძლია გამოსვლა.
„არ არის [ინგლისური] აუცილებელი, თავისუფლად შეიძლება თარჯიმნის მეშვეობით კომუნიკაცია გაეროში, რაც არის აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკა. ქართულ ენაზე, საკუთარ მშობლიურ ენაზე შეუძლია მიხეილ ყაველაშვილს მიმართოს დამსწრე საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
