ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის შეფასებით, საქართველოში უმძიმესი სურათია, რაც ბიზნესმა კარგად იგრძნო.
ამის შესახებ მან პლატფორმა Freebusiness.ge-ის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა – „რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას“.
ზვიად ჭუმბურიძე იმედოვნებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლება დროულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი პოლიტიკური კრიზისის დასრულების გზად ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას ხედავს.
„დღეს, საქართველო ორი დიდი გამოწვევის წინაშე დგას: არაღიარებული ხელისუფლება და სანქციები. პოლიტიკა და ეკონომიკა ერთი დიდი ორგანიზმის ორი მნიშვნელოვანი მაცოცხლებელი ნაწილია, ამიტომ პრაქტიკულად უმძიმეს რეალური სურათი გვაქვს, რაც ბიზნესმა კარგად იგრძნო. საშიშროება მართლაც ძალიან დიდია. სანქცირება ვერტიკალიდან ჩამოშლის ყველაფერს, თუ ხელისუფლება დროულად არ იმოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ურთულესი პერიოდი, რომელიც ახლა ქვეყანაშია, დიდხანს არ გაგრძელდეს“, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
ამასთან, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა არ გამორიცხა, რომ საქართველოში მყოფმა უცხოელმა ინვესტორებმა საკუთარ ინვესტიციების რეალოკაცია გადაწყვიტონ.
„ეს შეიძლება იყოს სომხეთში, აზერბაიჯანში ან თურქეთში ან ცენტრალური აზიის რომელიმე ქვეყანაში, რაც ჩვენთვის კატასტროფულად მძიმე იქნება. უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ინვესტორი უკვე დაზაფრული მოდის შენს ქვეყანაში, რადგან ფიქრობს, რა შეიძლება მოჰყვეს ოკუპაციის გართულებას, მაგრამ როცა ამ რეალობას არაღიარებული ხელისუფლება ემატება, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა არ აქვს; მეტიც არაბულ სამყაროსთანაც პრობლემები უჩნდება, ეს ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს“, – აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ.
