უმძიმესი ვიდეო – “მარაკანაზე” არგენტინელი ფანები პოლიციამ ხელკეტებით დაარბია [VIDEO]

დღეს, 22 ნოემბრის გამთენიისას, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინამ ბრაზილია სტუმრად 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე ნიკოლას ოტამენდიმ გაიტანა.
“მარაკანაზე” ერთ-ერთი სექტორი გაყოფილი და დაცული არ იყო, რის გამოც ჰიმნის შესრულებისას “ალბისელესტელი” და “სელესაოელი” ფანები ერთად მოხვდნენ და დაპირისპირებაც აქ დაიწყო. შემდეგ საქმეში უკვე პოლიცია ჩაერთო და არგენტინელი გულშემატკივრებიც არ დაინდეს, ხელკეტებით სასტიკად უსწორდებოდნენ, რამაც უმძიმესი სცენარი გამოიწვია.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ცდილობდნენ სამართალდამცველი ორგანოსთვის ხელის შეშლას, დალაპარაკებას; ემილიანო მარტინესი პირდაპირ ცხელ ზონაში აპირებდა ახტომას, თუმცა ფეხბურთელებმა შეაჩერეს.
შეტაკება დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. ყველაფერი როდესაც დასრულდა, ლიონელ მესიმ საკუთარ თანაგუნდელებს გასახდელისკენ უხმო.
“ჩვენ ვხედავდით, როგორ არბევდა პოლიცია ხალხს. ისევ ძალადობა ადამიანებზე, რეპრესია, ზუსტად ისე, როგორც კოპა ლიბერტადორესის ფინალში. იქ ჩვენი, ფეხბურთელების ოჯახის წევრები და ნათესავები ისხდნენ, ჩვენ ძალიან ვნერვიულობდით. მატჩის მნიშვნელობა მეორეხარისხოვანია, როცა ასეთ დროს ერთ-ერთ იარუსში შენი ოჯახის წევრი ზის. გასახდელში დასამშვიდებლად შევედით” – განაცხადა ლეომ.