“უმცროსი ბორჯღალოსნები” 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე!

“უმცროსი ბორჯღალოსნები” მარტის ბოლოს იტალიის ქალაქ პარმაში გაემგზავრება და 8-გუნდიან 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ინგლისს, საფრანგეთს, ირლანდიას, უელსს, შოტლანდიას და იტალიას, საქართველოს გარდა, პორტუგალია დაემატება და თითოეულ მათგანს 3-3 თამაშის გამართვა მოუწევს. ფესტივალი 30 მარტს საქართველოსა და შოტლანდიის მატჩით იხსნება; 3 აპრილს საფრანგეთს ვეთამაშებით; 7 აპრილს კი ინგლისს ვერკინებით.
მსოფლიო რაგბისა და ექვსი ერის ეს გადაწყვეტილება იმ პროგრესის გამოხმაურებაა, რომელსაც ქართული რაგბი ბოლო წლებში განიცდის, მათ შორის, ახალგაზრდული ნაკრებების დონეზე – “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” 2018 წლიდან ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ტიტული (2020 წელს ის კოვიდ-პანდემიის გამო გაუქმდა).
„მოხარულები ვართ იმ შესაძლებლობის, რომელსაც ჩვენი 18-წლამდელები ექვსი ერის ფესტივალში მონაწილეობით მიიღებენ. 18 წლამდე მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა, რომლებიც ახალგაზრდა, ნიჭიერ მორაგბეებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობენ, ეს მიწვევა საქმისადმი ერთგულებით დაიმსახურეს. მადლობლები ვართ ექვსი ერის ჩვენ მიმართ გამოხატული ნდობისთვის. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეს მიწვევა დავიმსახურეთ, შეგვიძლია ამ დონეზე თამაში და ექვსი ერის მუდმივი ნაწილი გავხდებით“.
„მთელ მსოფლიოში საუბრობენ განვითარებად სარაგბო ქვეყნებზე, ისეთებზე, როგორიც საქართველოა და ჩვენ გვჭირდება საუკეთესოებთან კონკურენცია, რათა კიდევ უფრო უკეთესები გავხდეთ. ჩვენთვის მომდევნო ნაბიჯი იქნება, რაც შეიძლება მალე მივცეთ ასეთი შესაძლებლობა 20-წლამდელთა ნაკრებს. ბოლო წლებში წამყვანი სარაგბო ქვეყნების 20-წლამდელთა გუნდების დამარცხებით, მათ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ ტოლ-სწორად თამაში და მათ ეს შანსი დაიმსახურეს“ – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.
2012-15 წლებში საქართველო 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებში ექვსი ერის გუნდებთან ერთად თამაშობდა და 2015 წელს ფინალშიც გავიდა, თუმცა მას შემდეგ ტურნირი, საფრანგეთის გარდა, ყველა მონაწილემ დატოვა. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის დამარცხების შემდეგ ევროპის ჩემპიონატიდან ისიც გავიდა, ახლა კი საქართველო ელიტას უბრუნდება.
ჩვენი გუნდი 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის მზადებას 19 თებერვალს ქუთაისში იწყებს, პარმაში გამგზავრებამდე კი ლიონში ჩავა და “ლიონის” 18-წლამდელთა გუნდთან 26 მარტს გასახურებელ თამაშს გამართავს.
Rugby.ge
როდის დამთავრდება ამ გადმოგდებული ძვლებით აღფრთოვანება?!!!! ((((( ფუი. აი ამის გამო მივეცით ხმა საკუთარი თავის 2030 მდე ტესტების გარეშე დატოვებას. ჩვენმა ფედერაციამ! ეს, კიდევ შეიძლება 20 ები გადმოგვიგდონ და თუ ძალიან კარგად მოვიქცევით, იქნებ urc შიც შეგვიშვან. როგორ ამოვიდა ეს მათხოვრულუ ცხოვრება ყელში(
კი იყო ამაზე შეპირებები და ლაპარაკი,მაგრამ როცა დადასტურდა,სულ სხვა ემოციაა!შარშან მსოფლიოზე,20 წლამდელებში,მხოლოდ იმიტომ ვერ შევედით ოთხეულში,რომ ამ დონის გუნდებთან თამაშის გამოცდილება და ამით მიღებული თავდაჯერებულობა გვაკლდა.ახლა ესეც გვექნება და თუ ამ ტურნირზე მათი დამარცხებაც შევძელით,მაშინ 18 და 20 წლამდელებში,ჩვენი შეჩერება ძალიან გაუჭირდებათ.დღევანდელი ჩვენი პირველი ნაკრებიც უკვე იმსახურებს,ამ ტურნირზე თამაშს და რომ დაგვიშვან,ძალიან მალე დავიწყებდით გამარჯვებების მოპოვებას,თუმცა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული გვაქვს და მაგასაც მივაღწევთ.