საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით, არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის მთლიანად საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა დასაქმების და შესაბამისად, უმუშევრობის მონაცემები.
„როგორც მოგეხსენებათ, მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე, დაფიქსირდა 13,7 პროცენტი, შარშან ანალოგიურ პერიოდში უმუშევრობა შეადგენდა 16,7 პროცენტს, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა 3 პროცენტული პუნქტით, რაც არის განსაკუთრებული პრიორიტეტი ჩვენთვის. დაქირავებულ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 19 100 ადამიანით, თვითდასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 41 300 ადამიანით. ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც არის მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით, არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის მთლიანად საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით.
უკვე მეოთხე წელია, წინა სამი წლის განმავლობაში ჩვენ საშუალო ეკონომიკური ზრდა გვქონდა 9,7 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ 9-პროცენტიან მაჩვენებელს და ვფიქრობთ, რომ გვექნება წლის ბოლოს ძალიან კარგი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის კუთხით, რა თქმა უნდა, სწორედ ეკონომიკური ზრდა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც იძლევა უმუშევრობის შემცირების საშუალებას, დასაქმების ზრდის საშუალებას. ასევე ყველას მოგეხსენებათ, რომ მეტი დასაქმებული ნიშნავს ბიუჯეტში შეტანილ მეტ გადასახადს, რაც მთავრობას მისცემს მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას, არსებული პროგრამების გაფართოების საშუალებას, მომავალშიც ეს დარჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.