უმსხვილესმა შვედურმა დონორმა ქართული ოცნების ხელისუფლებას დახმარება შეუწყვიტა – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან შვედეთის პრემიერმინისტრ ულფ კრისტერსონისგან წერილი მიიღო, რომელშიც იგი საქართველოში დემოკრატიული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო, წუხილს გამოთქვამს.
“იგი გამოთქვამს ძალიან დიდ წუხილს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დღევანდელი მდგომარეობის გამო. ასევე იმის გამო, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ძალიან შეზღუდული და კიდევ უფრო იზღუდება, რაც ევროკავშირის ღირებულებებსა და საქართველოს ევროპულ გზას არ შეესაბამება”, – თქვა მან.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ოცნების ხელისუფლებას შეუწყვიტოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის “შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს” (SIDA) დახმარება.
ამასთანავე, შვედეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დარჩეს ქართული სამოქალაქო საზოგადოების დონორად და როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ამ მიზნისთვის სტოკჰოლმში მიმოიხილავენ ქართულ კანონმდებლობას, თუ როგორაა შესაძლებელი ამ ნაბიჯის გადადგმა.
“შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი დონორის, სააგენტო SIDA-ს ყველანაირი დახმარება, საქართველოს მთავრობისთვის.
შვედეთი გამოთქვას მზაობას, რომ დარჩეს მხარდაჭერად საქართველოს დემოკრატიული და ევროპული გზისა. ასევე დარჩეს დონორად, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოების და ამ კუთხით, [შვედეთის პრემიერი ამბობს, რომ] ჩვენ ვაკვირდებით ევროპულ კანონმდებლობასო, რომ გავიგოთ რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერაო”, – თქვა მეხუთე პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, კრისტერსონმა მას ასევე მისწერა, რომ სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად შვედეთიც გააგრძელებს საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების მონიტორინგს და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს მთავრობა კრიზისის დასასრულებლად შესაბამის ნაბიჯს გადადგამს.