2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მილიარდ 529 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია. აქედან ექსპორტი გასულ წელს 9.1%-ით 6 მილიარდ 090 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში ცვლილებებია. გასულ წლებში მოწინავე ადგილზე მყოფმა ქვეყნებმა ჩინეთმა, თურქეთმა და რუსეთმაც ათეულში მოწინავე ადგილები დათმეს და მათ ადგილზე აღმოჩნდნენ აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
უნდა აღინიშნოს, რომ უმსხვილეს საექსპორტო მიმართულებებს შორის წლიურ ჭრილში საქონლის რეალიზების ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ყირგიზეთში დაფიქსირდა, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტი ყაზახეთის მიმართულებითაც. ხოლო ჩინეთში, ბულგარეთში, უკრაინაში და თურქეთში ექსპორტი შემცირებულია.
2023 წლის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია:
· აზერბაიჯანი – $862 მლნ, ზრდა – 28.2%;
· სომხეთი – $787 მლნ, ზრდა – 34.7%;
· ყაზახეთი – $702 მლნ, ზრდა – 195%;
· ყირგიზეთი – $695 მლნ, ზრდა – 642%;
· რუსეთი – $657 მლნ, ზრდა – 2.3%;
· თურქეთი – $409 მლნ, კლება – 5.9%;
· ჩინეთი – $310.8 მლნ, კლება – 57.8%;
· ბულგარეთი – $249.9 მლნ, კლება – 41%;
· უზბეკეთი – $115.5 მლნ, ზრდა – 3.9%;
· უკრაინა – $101.3 მლნ, კლება – 56.5%
რაც შეეხება საექსპორტო საქონელს, ქვეყნისთვის 2023 წელს მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მესამეს კი ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებენ.
2023 წლის უმსხვილესი საექსპორტო საქონელი:
· მსუბუქი ავტომობილები – $2.1 მლრდ, ზრდა – 134.8%;
· სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $479 მლნ, კლება – 53.2%;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – $259 მლნ, ზრდა – 2.6%;
· სპირტიანი სასმელები – $196.1 მლნ, ზრდა – 41.6%;
· ფეროშენადნობები – $180.6 მლნ, კლება – 60.7%;
· აზოტოვანი სასუქები – $158.3 მლნ, კლება – 43.7%;
· მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე – $131.5 მლნ, ზრდა – 16.9%;
· სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $126.5 მლნ, ზრდა – 15.6%;
· წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – $109 მლნ, ზრდა – 31.8%;
· ელექტროენერგია – $95.4 მლნ, ზრდა – 13.2%.